აქტუალური
თინა ხიდაშელი - ირაკლი კობახიძე მოახერხებს იყოს კალაძის ან გახარიას ლიდერი?

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, საინტერესოა, ირაკლი კობახიძე მოახერხებს, თუ არა პარტიაში ლიდერობას და მაგალითად, იყოს კახა კალაძის ან გიორგი გახარიას ლიდერი. ამის შესახებ თინა ხიდაშელმა „პალიტრა ნიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ბოლო პერიოდში, რაც ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარე გახდა ერთადერთი რაც შეიცვალა, იყო ის, რომ თეორიულად მაინც გაჩნდა შანსი იმისა, რომ მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოგვეთხოვა. მას საჯაროობის ვალდებულება გაუჩნდა, მათ შორის, მედიასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის. დღეს, უკვე ამ განცხადებით, ერთი რამ დადასტურებულად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ იგი საჯარო ავანსცენიდან წავიდა. ანუ, ის მინიმალური ანგარიშვალდებულებაც კი, რომელიც მედიის, საზოგადოების ან ჩვენი პარტნიორების მიმართ ჰქონდა, მოიხსნა და ამ ვალდებულებისგან გათავისუფლდა. სხვა მხრივ, წავიდა თუ არა ძალიან მარტივი ტესტი ამას უახლოეს მომავალში დაამტკიცებს, როგორ განვითარდება მოვლენები მის პარტიაში.

მაგალითად, ყველამ კარგად ვიცით, ცნობილი ფაქტებია იმ ადამიანებისთვის, მაინც , ვინც მეტნაკლებად იცნობს „ქართული ოცნების“ კულუარებს, რომ ადამიანი, რომელიც მან თავის „მემკვიდრედ“ დატოვა ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული პირია თვითონ „ქართულ ოცნებაში“. ირაკლი კობახიძე, მოახერხებს პარტიაში ლიდერობას? მაგალითად, იყოს კახა კალაძის ან გიორგი გახარიას ლიდერი?!“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელის თქმით, „ბიძინა ივანიშვილის ვირტუალური წასვლის მთელი იდეა არის ის, რომ აღარ ჰქონდეს ვალდებულება ვინმეს, რამეზე პასუხი გასცეს“.

მას მედია იმდენად არ აწუხებს, რადგან იცით, რომ თქვენი მოთხოვნის შესაბამისად ინტერვიუებზე არ თანხმდებოდა, მაგრამ ასე მარტივად უარს ვერ ეუბნებოდა ჩვენს პარტნიორებს. მას ლაპარაკი უწევდა უცხოელებთან და იმ ძალიან მძიმე კითხვებზე პასუხების გაცემა, რომელიც მსოფლიოში დგას საქართველოსთან მიმართებაში. მორჩა, მას არავითარი დისკომფორტი არ ექნება, ძალიან მშვიდად იცხოვრებს“, - განაცხადა ხიდაშელმა.