აქტუალური
„ქართული ოცნების“ გუნდი მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ

 საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. ყველა შეთავაზებაზე ჩვენ მივიღეთ საჯარო უარი ოპოზიციისგან, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ბრალდება მათ მიერ იყო უსაფუძვლოდ გაჟღერებული და ეს ყველაფერი იყო ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესის დასაწყებად მოგონილი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითიც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებებს პარლამენტში სპეციალური საგამოძიების კომისიის შექმნასა და საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით.

თალაკვაძის განმარტებით, ეს შეთავაზებებიც ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის ბრალდების საპასუხოდ გაკეთდა. სპიკერის განმარტებით, ოპოზიცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ბრალდებების გაჟღერებისას მზად არ იყო, რომ მმართველი ძალა, სიმართლის დადგენის მიზნით, მსგავს შეთავაზებებს გააკეთებდა.

„მე კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას ვუთხრა თუ რამდენად თანმიმდევრული იყო ოპოზიცია, როდესაც საქმე ეხებოდა მათ მთავარ ბრალდებას, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ არჩევნები მართლაც გაყალბდა, მოდით ერთად გადავამოწმოთ ყველა თქვენი პრეტენზია და არგუმენტი. მათ შევთავაზეთ ათასზე მეტი უბნის გადათვლა, შევთავაზეთ პარალელური დათვლის შედეგებთან შედარება ცესკო-ს მონაცემების, შევთავაზეთ ერთობლივი საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში და ყველაფრის გადამოწმება, შევთავაზეთ ვიდეოჩანაწერების ნახვა და გადამოწმება იმ ბრალდებების საპასუხოდ, რაც მათ თქვეს, რომ თითქოს ხდებოდა უბნებზე. ყველა ამ შეთავაზებაზე ჩვენ მივიღეთ საჯარო უარი ოპოზიციისგან, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ბრალდება მათ მიერ იყო უსაფუძვლოდ გაჟღერებული და ეს ყველაფერი იყო ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესის დასაწყებად მოგონილი. ისინი არ ელოდნენ თუ ჩვენ გვექნებოდა ასეთი საპასუხო შეთავაზებები. ამაში დაგვარწუნა კიდევ ერთხელ იმან, რომ რადიკალური ოპოზიციის მთავარ მესიჯად დღემდე რჩება ერთადერთი: „ავრევთ ქვეყანას თუ არ ჩატარდება განმეორებითი არჩევნები“,- სხვა არგუმენტს ჩვენ ვეღარ ვისმენთ ოპოზიციის რადიკალური ნაწილისგან“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მან ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებას საპარლამენტო მუშაობაში ჩართვასთან დაკავშირებით, რომელიც სპიკერის თქმით, ამ პარტიებმა „შანტაჟის ქვეშ, რადიკალური ოპოზიციის ზეწოლის პირობებში მიიღეს“.

„როგორც ხედავთ პარლამენტში უკვე პირველი ოპოზიციური პარტია არის წარმოდგენილი და მე კიდევ ერთხელ მსურს მივმართო იმ ოპოზიციონერებს, ვინც ხალხის მხარდაჭერა მიიღეს არჩევნებში, შემოუერთდნენ საპარლამენტო პროცესს, მიიღონ მონაწილეობა. დემოკრატია არის მონაწილეობა და მონაწილეობის ბოიკოტირება არის პოლიტიკური შეცდომა.

საარჩევნო რეფორმაზე მინდა გითხრათ, რომ თითქმის კონსენსუსი არსებობს. ვფიქრობ, ჯანსაღი ოპოზიციური პარტიებისთვის ეს არის კარგი არგუმენტი თუ რატომ უნდა შემოვიდნენ პარლამენტში და მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო განხილვებში. ეს არის საარჩევნო რეფორმის გაგრძელება ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, იმიტომ, რომ 10 თვეში გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ, რა თქმა უნდა, იდენტიფიცირებული გვაქვს ყველა ის საკითხი, სადაც საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაზე ჩვენი პოლიტიკური ნება არის გამოხატული, ეს უნდა ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილსაც, შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, როდესაც ისინი პარლამენტში შემოვლენ, მათთან ერთად გავატაროთ ეს ცვლილებები“,- განაცხადა თალაკვაძემ.