უცხოეთი
კრემლის ინფორმაციით, 11 იანვარს მოსკოვში ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართება

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. 11 იანვარს მოსკოვში ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც კრემლში იუწყებიან, მოლაპარაკებების დროს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმების რეალიზაციის საკითხს განიხილავენ. შეხვედრა რუსეთის ლიდერის ინიციატივითა გაიმართება.

კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების დროს განსაკუთრებული ყურადღება მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარების საკითხს, ასევე სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განვითარების თემას დაეთმობა.

ამასთან, დაგეგმილია პუტინის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან.

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ ერთობლივი შეთანხმება რუსეთის პრეზიდენტმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის ლიდერმა 2020 წლის 9 ნოემბერს გააფორმეს.

1tv.ge