პოლიტიკა
ფრიდონ ინჯია - პარლამენტში იმუშავებს ორი პარტია, „ოცნება“ და „ევროპელი სოციალისტები“, ცალსახად ორი პარტიაა და ის არ არის ერთპარტიული

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია​ აცხადებს, რომ პარლამენტში იმუშავებს ორი პარტია, „ოცნება“ და „ევროპელი სოციალისტები“, ცალსახად ორი პარტიაა და ის არ არის ერთპარტიული. ამის შესახებ მან პარტიის სადამფუძნებლო ყრილობის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

„ნათლადაა ჩამოყალიბებული ჩვენი მიზნები და ამოცანები – ეს არის ქვეყნის მთლიანობის აღდგენაზე ყველა ზომების მიღება; ყველაფრის გაკეთება იმისათვის, რომ ქვეყნის მთლიანობა აღდგეს; უმნიშვნელოვანესია, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა აღდგეს. ეს არის ისეთი პრობლემა, რომელიც აქცევს ჩვენს ქვეყანას. ხალხი გარბის, ახალგაზრდობა მიდის, რადგან არ არის სამუშაო ადგილები, სამუშაო პირობები. მთელი მოსახლეობა მოდის ცენტრში, ქალაქში, თბილისი გახდა თავკომბალა. მთავრობამ, ხელისუფლებამ, პარლამენტმა თავისი კანონებით ისეთი პირობები უნდა შექმნან, რომ სოფლები ავაღორძინოთ. საქართველოს მოსახლეობამ თავის თავს უნდა მოუაროს, უნდა შეძლოს იმ დოვლათის შექმნა, რომელიც საკმარისი იქნება და შეიძლება, კიდევაც გაიყიდოს საზღვარგარეთ. აი, ამისთვის უნდა იყოს მიღებული ისეთი კანონები, დიფერენცირებული კანონები ქალაქსა და სოფელს შორის, რომელიც ამის საშუალებას მისცემს“, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რა იცვლება ახალი პარტიის შექმნით, ინჯიამ აღნიშნა: „დღევანდელი ყრილობის მერე პარლამენტში იმუშავებს ორი პარტია, „ოცნება“ და „ევროპელი სოციალისტები“, ცალსახად ორი პარტიაა და როგორ არის ერთპარტიული?“.

მან კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი საკითხზე, არიან თუ არა გარიგებული მმართველ პარტიასთან.

„ეს არ ვიცი, ვისი მოფიქრება და მოგონებაა, მაგრამ იმ ოთხ კაცს, ოთხ დეპუტატს, რომლებიც შევედით პარლამენტში, გასარიგებელი არაფერი არ გვქონდა. ჩვენ პრინციპში ჩვენს ადგილზე ვართ, ვიცით, გაგვივლია, საქმე გაგვიკეთებია და ვასაქმებთ ათასობით ხალხს. ასე რომ, ჩვენ გასარიგებელი არაფერი არ გვაქვს და არც ვაპირებთ“, – აღნიშნა ინჯიამ.

მისივე თქმით, „საქართველოს მოსახლეობამ მიიღო ის პარლამენტი, რომელიც მან აირჩია“.

„ეს ის პარლამენტია, სადაც ამომრჩეველმა მისცა ხმა ამა თუ იმ პარტიას. ეს თვითონ ამომრჩევლის დაკვეთა იყო, რომ მიღებულიყო ასეთი პარლამენტი, შვიდი პარტიისგან ჩამოყალიბებული“, – განუცხადა ფრიდონ ინჯიამ ჟურნალისტებს.