აქტუალური
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

 საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ახალ შტამზე გამოიკვლიეს სამი ნიმუში, რომელთაგან ორზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, მესამე შემთხვევაში კი ახალი შტამი დადასტურდა. ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული პაციენტია, რომელიც თავს კარგად გრძნობს და იზოლაციაში იმყოფება.

პაატა იმნაძის თქმით, მიმდინარეობს მისი კონტაქტის ბიოლოგიური მასალის კვლევაც. პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი შტამით ინფიცირებული პირი ბრიტანეთში არ ყოფილა, თუმცა იმნაძე არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს მას. ეპიდემიოლოგის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირებული უკვე პრაქტიკულად გამოჯანმრთელებულია.

პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი შტამი არ გამოირჩევა ახალი კორონავირუსისგან სიმძიმის ან ლეტალობის მაჩვენებლით, თუმცა არსებული შტამისგან განასხვავებს მაღალი გადამდებობა, ამიტომ, როგორც იმნაძე ამბობს, უსაფრთხოების ზომების დაცვას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.