სამართალი
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაკარგული სამხედრო მოსამსახურე იპოვეს

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. თავდაცვის სამინისტროს მიერ 24 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სამი დღის წინ გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე, თეიმურაზ გიუნაშვილი იპოვეს და იგი „თავს კარგად გრძნობს“.

უწყების ინფორმაციით, სამხედრო პოლიციამ გიუნაშვილის სამხედრო ნაწილში საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 388-ე მუხლის პირველი ნაწილის ტოლფასია, რაც ასევე სამსახურში საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობასა და სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვებას გულისხმობს და სასჯელის სახით 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით შინაგან საქმეთა სამინისტროც იძიებს.

მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურის გაუჩინარების შესახებ თავდაცვის უწყებაში 23 დეკემბერს განაცხადეს და განმარტეს, გიუნაშვილმა სამხედრო ნაწილის ტერიტორია 21 დეკემბრის, 09:00 სთ-ზე დატოვა და მას შემდეგ სამსახურში აღარ გამოცხადებულა.