სამართალი
ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცხინვალში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე მირიან თაზიაშვილი გაათავისუფლეს და 22 დეკემბერს საქართველოს ხელისუფლებას გადმოსცეს.

მირიან თაზიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე 20 ნოემბერს დააკავეს.

მას ცხინვალის რეგიონის ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის“ კვეთის გამო ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა დაახლოებით ერთი თვის თავზე გაათავისუფლეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ თაზიაშვილის გათავისუფლება საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისა და პროცესში ჩართული სხვადასხვა უწყების „ყოველდღიური მუშაობის“ შედეგია.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართულმა მხარემ თაზიაშვილის დაკავების საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდზე, ასევე თანათავმჯდომარეებთან დისკუსიების მოსამზადებელ შეხვედრაზე დააყენა.