აქტუალური
გიორგი გახარია - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ყოველთვის იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიზანი

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ყოველთვის იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიზანი, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი პირდაპირ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულ ინტეგრირებას.

„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ყოველთვის იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიზანი, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. მოგეხსენებათ, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი პირდაპირ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში სრულ ინტეგრირებას, ისევე, როგორც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირებას.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბოლო პერიოდში რეგიონში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გახდა, რომ ჩვენი პარტნიორების მეტი წარმომადგენლობა ჩვენს რეგიონში არის საქართველოს შემდგომი უსაფრთხოების გარანტიების ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი. ამიტომ, იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებდით ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებით, მოგეხსენებათ 2019-2020 წელი იყო საუკეთესო წლები ამ თანამშრომლობის გაღრმავების და ხარისხის გაზრდის თვალსაზრისით. ჩვენ ეს პროცესი უნდა გავაგრძელოთ და უნდა გავხსნათ ახალი მიმართულებები, მაგალითად, ისეთი, როგორიც არის შავი ზღვის, უსაფრთხოება, სადაც საქართველოს შეუძლია მისი კონკრეტული როლის, ფუნქციის შესრულება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.