უცხოეთი
დიმიტრი პესკოვი - ნავალნის დევნის და სიდიადის ბოდვა აქვს - ამბობენ, რომ ის საკუთარ თავს იესოსაც კი ადარებს

 საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი მიიჩნევს, რომ რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის „დევნის და სიდიადის ბოდვა“ აქვს.

როგორც პესკოვი აცხადებს, ნავალნის ბოდვის „მძიმე ფორმა აქვს“.

„თავს ნებას მივცემ, ჩემი პირადი აზრი გამოვხატო, რასაც, როგორც წესი, არ ვაკეთებ ხოლმე. შეიძლება ითქვას, რომ ამ პაციენტს დევნის ბოდვის მძიმე ფორმა აქვს და სიდიადის ბოდვის სიმპტომებიც აშკარაა. ზოგი ამბობს, რომ ის საკუთარ თავს იესოსაც კი ადარებს“, - განაცხადა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, ეს არის მისი აზრი იმ გამოძიების შესახებ, რომელშიც ნავალნი ირწმუნება, რომ რუსეთის სადაზვერვო უწყებებმა მოწამლეს.

პესკოვმა აღნიშნა, რომ ხალხმა საკუთარი მოსაზრებები უნდა დააფუძნოს უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაზე.

"თქვენ იცით, რომ უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა კომენტარი გააკეთა ამაზე საკმაოდ ლაკონურად და მკაფიოდ. ასე რომ, რამის დამატებას აზრი არ აქვს", - აღნიშნა პესკოვმა.

interpressnews.ge