სამართალი
ადამიანის თავისუფლების 2020 წლის ინდექსით, საქართველო კავკასიისა და ცენტრალური აზიის ლიდერია

 საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. cato-ს ინსტიტუტის ადამიანის თავისუფლების 2020 წლის ინდექსით, საქართველო კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების ლიდერია.

კვლევის მიხედვით, საქართველოს 7.87 ქულა აქვს მინიჭებული, მაშინ როდესაც სომხეთის ადამიანის თავისუფლებს ინდექსი 7.69, აზერბაიჯანის კი 6.29 ქულით არის შეფასებული.

ამავე კვლევის თანახმად, ადამიანის თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოს 162 ქვეყანას შორის მე-40 ადგილს იკავებს.

თავისუფლების ინდექსი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების ფართო საზომს, რომელიც აღქმულია როგორც იძულებითი შეზღუდვის არარსებობა.

კვლევაში გამოყენებულია პირადი და ეკონომიკური თავისუფლების 76 მაჩვენებელი შემდეგ სფეროებში: კანონის უზენაესობა, დაცვა და უსაფრთხოება, გადაადგილება, რელიგია, ასოციაცია, ასამბლეა და სამოქალაქო საზოგადოება, გამოხატვა და ინფორმაცია, იდენტობა და ურთიერთობები, მთავრობის ზომა, სამართლებრივი სისტემა და საკუთრების უფლებები, სანდო ფულზე წვდომა, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება, საკრედიტო, შრომითი და ბიზნეს რეგულაციები.

ადამიანის თავისუფლების ინდექსში მაქსიმალური ქულა 10-ია.

კატოს ინსტიტუტის კვლევაში ადამიანის თავისუფლების ინდექსით ყველაზე მაღალი ქულები ახალ ზელანდიას (8.87), შვეიცარიას (8.82) და ჰონგ-კონგს (8.74) აქვთ მინიჭებული. პირველ ათეულში ასევე შედიან დანია, ავსტრალია, კანადა, ირლანდია, ესტონეთი, გერმანია და შვედეთი. ადამიანის თავისუფლების 2020 წლის ინდექსში ყველაზე ცუდი შედეგი ვენესუელას (4.08), სუდანსა (4.01) და სირიას (3.97) აქვთ.

cato-ს ინსტიტუტის კვლევაში აღნიშნულია, რომ ადამიანის თავისუფლების ინდექსი ასევე მძლავრ კავშირს პოულობს ადამიანის თავისუფლებასა და დემოკრატიას შორის.