უცხოეთი
საქართველო აზერბაიჯანულ გაზს შემცირებული ტარიფით მიიღებს

 საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობამ და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) 17 დეკემბერს შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც, საქართველო აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ გაზს შემცირებული ტარიფით მიიღებს.

შესაბამის დოკუმენტს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ და „სოკარის” პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მოაწერეს ხელი.

დოკუმენტის ხელმოწერამდე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და „სოკარს“ შორის აზერბაიჯანიდან 200 მლნ კუბური მეტრის მოცულობის ე.წ. სოციალური გაზის შემცირებული ტარიფით მიღების თაობაზე მოლაპარაკებები გაიმართა.

აღნიშნული შეთანხმების შედეგად, საქართველოს მთავრობა შეძლებს, უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნოს მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ფასის სტაბილურობა.

ცვლილებები შევიდა აბდულაევისა და საქართველოს ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრის, კახა კალაძის მიერ 2016 წელს ხელმოწერილ შეთანხმებაში, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მლნ კუბური მეტრი გაზის მიღების საშუალებას აძლევდა.

გაზის დამატებითი მოცულობის მიწოდების თაობაზე თბილისსა და „სოკარს“ შორის 2016 წელს მიღწეულ შეთანხმებამდე საქართველოს მთავრობას იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ ის საქართველოში გაზის გაზრდილი მოხმარების შედეგად წარმოშობილი დეფიციტის აღმოფხვრის წყაროდ რუსულ „გაზპრომს“ მიიჩნევდა.

civil.ge