რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: კოალიციური მთავრობა საქართველოში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ერთადერთი გონივრული ალტერნატივაა

     საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში უჩვეულო ვითარება შეიქმნა - ოპოზიციამ უარი თქვა პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე, რომელშიც მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობა შევიდა მმართველი პარტიაქართული ოცნებიდან“, ეს კი 90 მანდატია 150–დან, რაც არ არის საკმარისი იმ გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელთათვისაც აუცილებელია საკონსტიტუციო უმრავლესობის 113 ხმა. აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები, რომლებმაც ფასილიტატორის ფუნქციები იკისრეს, წარუმატებლად ცდილობენ კონსენსუსის მიღწევაში დახმარებას, მაგრამ ოპოზიციის უმეტესი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვს ხელახალ არჩევნებს, რადგან, მათი აზრით, ძველი გაყალბდა, რასაც არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია - დამკვირვებელი არ ადასტურებს.

   რა ხდება ქართულ პოლიტიკაში? - ჰკითხა საინფორმაციო სააგენტო NEWS FRONT-მა “საქინფორმი”- მთავარ რედაქტორს, ქართველ პუბლიცისტსა და პოლიტოლოგს არნო ხიდირბეგიშვილს.

     - ყველაფერი, რაც დღეს ხდება ქართულ პოლიტიკაში, პოლიტოლოგების ანალიზის საგანი კი არა, აბსურდის თეატრის მზა სცენარია! არჩევნებზე მისულმა ამომრჩეველთა ორმა მეხუთედმა ხმა მისცა რვა ოპოზიციურ პარტიას, რომლებმაც მიაფურთხეს თავის ელექტორატს და, პარლამენტში მოქალაქეების დავალებების შესრულების ნაცვლად, მეგაფონებით დაძრწიან ქუჩებში და საცირკო წარმოდგენებს აწყობენ. ოპოზიცია, რომელსაც კიევიდან ხელმძღვანელობს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ქართულმა მართლმსაჯულებამ რამდენიმე პატიმრობა მიუსაჯა, ლანძღავს აშშ–ს, მის პრეზიდენტსა და ელჩს საქართველოში, პუტინისტებად და ივანიშვილის პრორუსული მთავრობის ხელშემწყობებს უწოდებს, ხოლო მთავრობა ოპოზიციას და მის ლიდერ სააკაშვილს მოსკოვსა და რუსეთის სპეცსამსახურებთან საიდუმლო და ხანგრძლივ თანამშრომლობაში ადანაშაულებს...

     უთანხმოება სუფევს არა მხოლოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომლებიც ჩვენს თვალწინ იშლება. თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია სიამოვნებით დათანხმდებოდა პარლამენტში შესვლას, მაგრამ ეშინიათ სააკაშვილისა და მისი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ – გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, ერთადერთის, ვისაც ჰყავს ელექტორატი - დანარჩენებისგან განსხვავებით, რომლებმაც არჩევნებში მაქსიმუმ სამი პროცენტი მიიღეს.

   ერთიანობა ხელისუფლებაშიც არ შეინიშნება. პრემიერ–მინისტრი დასამტკიცებლად წარუდგენს ახლად არჩეულ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას, რომელშიც, იუსტიციის მინისტრის გარდა, არცერთი ახალი სახე არ არის. თუმცა, წარმოდგენილი შემადგენლობიდან, სულ მცირე, ორი მისი აშკარა მოწინააღმდეგეა, საბოტაჟს უწყობენ მის ბრძანებებს და თავს ვერ ართმევენ დაკისრებულ მოვალეობებს. ეს – თუ არ ჩავთვლით უბრალოდ არაკეთილმოსურნეებს, რომლებიც პრემიერთან აშკარა კონფლიქტს გაურბიან. და პარლამენტიც დაამტკიცებს ამ ახალ მთავრობას, თუმცა ამ ორი მინისტრიდან მინიმუმ ერთი უშუალო კონფლიქტშია პარლამენტის თავმჯდომარესთან ...

     დასაბუთება, რომ მინისტრებს არ ცვლიან კორონავირუსის ეპიდემიის გამო - აქაოდა, ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა (რაშიც ბრალეულობის ლომის წილი სწორედ ამ ორ მინისტრს მიუძღვის!) – ლოგიკური იქნებოდა, ხელისუფლების რეიტინგზე სავალალოდ რომ არ ასახულიყო. რეიტინგის ამაღლება კი არც სწრაფი და არც იაფი "სიამოვნება" არ არის.

   კარგი, ჩვენ გადავიტანთ ამ ორიოდე მინისტრსაც, თუ მანამდე კორონათი არ დავიხოცეთ (სამაგიეროდ, „პატრიოტებად“, ანუ რუსული ვაქცინის გარეშე, რომელსაც ქართული მედია ან საერთოდ არ ახსენებს, ან კრემლის პროპაგანდისტულ ბლეფად მოიხსენიებს). ჩვენ ვითმენდით საშინელ პრეზიდენტებს, პრემიერ–მინისტრებსა და პარლამენტარებს, რომლებიც კილომეტრზე არ უნდა მიუშვა ძალაუფლებასთან, მაგრამ რატომ უნდა თქვას ხალხმა - ჯანდაბაში წასულა ორივე, "ნაციც" და "ქოციც"?!

   კიდევ ერთი საკითხია, რომელიც მე და თქვენ, კოლეგავ, უნდა კარგად გვესმოდეს, მე ვგულისხმობ "ფაბლიქ რილეიშენს" (public relations, PR), კერძოდ, "მედია რილეიშენს" (media relations). რა ცუდიც არ უნდა იყოს ხელისუფლება, რა შეცდომებიც არ უნდა დაუშვას, პიარ მრჩევლებმა და სამსახურებმა, ძირითადად, მედიის საშუალებით, უნდა გაატარონ სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკა და შეარბილონ ეს მინუსები, ან საერთოდ - მიხწევებად აქციონ! თუ ხელისუფლება ცუდია, ესე იგი მას ცუდი პიარი აქვს! ფაშისტური გერმანიის მოსახლეობა აღმერთებდა ჰიტლერს, რადგან პროპაგანდის რაიხსმინისტრი ჰებელსი PR-პროფესიონალი იყო და ჰიტლერს კარგ პიარს უკეთებდა!

მეორე კომპონენტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც დაკომპლექტებული უნდა იყოს აბსოლუტურად აპოლიტიკური ანალიტიკოსებით, რათა სახელმწიფოს ლიდერებამდე მიჰქონდეს ობიექტური და სრული ინფორმაცია.

     - არსებობს თუ არა ჩიხიდან გამოსავალი, ბატონო არნო, თუკი მთავრობა კატეგორიულ უარს აცხადებს ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე, თუმცა მზად არის ნებისმიერ დათმობაზე წავიდეს სხვა საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა და ცესკოს შემადგენლობა?

     - საქართველოში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ერთადერთი გონივრული ალტერნატივა კოალიციური მთავრობაა! ამიტომ ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, რადგან სურს ახალი არჩევნები, სადაც, კოალიციური მთავრობის შესაქმნელად, მეტ ხმას მიიღებს. ანუ ის, რომ ოპოზიცია იცავს ამომრჩეველთა ხმებს, არის ბლეფი - მას უბრალოდ რამდენიმე მინისტრის სავარძელი უნდა!

მაშ, რა უშლის ხელს ხელისუფლებას, რომ ეს სავარძლები ოპოზიციას თავად მისცეს - პირდაპირ, ხელახალი არჩევნებისა და აურზაურის გარეშე?! მაგალითად, ჯანდაცვის, ეკოლოგიის, კულტურის მინისტრთა პოსტები? "ნაციონალები" ხომ აკრიტიკებენ სტომატოლოგ ტიკარაძეს?! მაშ, მის მაგივრად გიგი წერეთელი დავნიშნოთ და დაე, თავად გამოასწორონ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება! მით უფრო, რომ წერეთელი ლავროვთან მეგობრობს და თუ საქართველო რუსულ ვაქცინას აირჩევს, გიგი მას უპრობლემოდ იშოვის!

   აი რაზე უნდა მოილაპარაკონ ფასილიტატორების თანდასწრებით - იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები კარასინ-აბაშიძის უპერსპექტივო ფორსად აქციონ! და როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა, დანარჩენი პარტიები იქ კისრისტეხით შეცვივდებიან, თუმცა ხელისუფლებისთვის ამას დიდი მნიშვნელობა უკვე აღარ ექნება.

2020 წლის 21 დეკემბერი
წყარო: NEWSFRONT