აქტუალური
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ყრილობის გზით უნდა შეირჩეს - სალომე სამადაშვილი

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. "ნაციონალური მოძრაობა" პარტიის თავმჯდომარის გარეშე დარჩა. უცნობია, გახდება თუ არა ეს გარემოება ოპოზიციური გუნდის კიდევ ერთხელ გაყოფის მიზეზი. ჯერჯერობით, არც გრიგოლ ვაშაძე ჩანს და არავინ იცის, მისი გუნდიდან წასვლის რეალური მიზეზი. ასევე უცნობია, შიდა კონსულტაციების დროს ჰყავდა თუ არა მას თანამოაზრეები.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ენმ-ის თავმჯდომარე, შესაძლოა, ლევან ვარშალომიძე გახდეს, თუმცა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას ამ ინფორმაციას სალომე სამადაშვილი არ ადასტურებს.

სამადაშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარე ყრილობის გზით უნდა შეირჩეს.

"პარტიის თავმჯდომარის არჩევა ხდება ყრილობის მიერ და ამიტომ ამას დასჭირდება დრო. არ არის ჯერ დაგეგმილი, ალბათ ეს, მომავალ წელს იქნება. ყრილობის დაგეგმვა არ არის მარტივი ამბავი. დღეს არ შემიძლია გითხრათ, რომ დღეს არსებობს ვინმე კანდიდატურა, იმიტომ რომ ეს არის სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია. პარტიაში არანაირი მსჯელობა არ შემდგარა.

გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გასული 4 წლის მანძილზე პარტიის ცხოვრებაში და რა თქმა უნდა ჩვენთვის გულდასაწყვეტია მისი წასვლა პარტიიდან, მაგრამ ამავე დროს ჩვენი პარტია გააგრძელებს ძალიან მწყობრად პოლიტიკურ ბრძოლას", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.