პოლიტიკა
ევროკომისარი სტეფან ფულე საქართველოში საარჩევნო რეფორმის შესახებ

stephan_-fuleევროკომისარმა გაფართოების საკითხებში სტეფან ფულემ განაცხადა, რომ საქართველოში საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის ნდობის შესაქმნელად.

ბრიუსელში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან და ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძესთან შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ აფრიკაში განვითარებულმა მოვლენებმა „აჩვენა, თუ როგორი მზარდი მნიშვნელობა აქვს იმის უზრუნველყოფას, რომ ხალხის ხმა გაგონილ იქნეს და რომ იყოს პოლიტიკური პლურალიზმი და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“.

„ამიტომ მე მივესალმები საარჩევნო კოდექსის რეფორმაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს, ასევე ,მივესალმები ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას. ეს მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია ყველა მონაწილე მხარეს შორის ნდობის შესაქმნელად“, – განაცხადა ფულემ და დასძინა, რომ იგი მიესალმება საქართველოს განზრახვასაც – ამ კუთხით ვენეციის კომისიასთან ითანამშრომლოს.

ამჟამად ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებები შეჩერებულია. მიუხედავად ორივე მხარის განცხადებისა, რომ მოლაპარაკებების განახლების სურვილი აქვთ, ამ დიალოგის პერსპექტივები გაურკვეველი რჩება. ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი აქტივობა ამ კუთხით 5 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც რვა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო სისტემაზე საკუთარი ახალი წინადადებები წარადგინა, რომლებზეც მმართველ პარტიას ჯერ პასუხი არ გაუცია.

გიორგი ბარამიძესთან შეხვედრის დროს სტეფან ფულე მიესალმა ევროკავშირთან ასოცირებულ შეთანხმებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში არსებულ პროგრესსაც და საქართველოს ამ პროცესში „პრაგმატული მიდგომის“ შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ევროკომისია მზად არის, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ურჩიოს, საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები დაიწყონ, „როგორც კი იქნება საკმარისი პროგრესი მიღწეული „ძირითადი რეკომენდაციების“ შესრულების კუთხით“.

ევროკავშირი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მიმოხილვას, როგორც მოსალოდნელია, მომდევნო თვეში გამოაქვეყნებს. მიმოხილვაში შევა ანგარიშები მონაწილე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე.

21-23 ივლისს საქართველო ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომელზეც ევროკავშირის აღმოსავლეთპარტნიორობის ინიციატივა იქნება განხილული.