საზოგადოება
ჰუბერტ ქნირში - პარლამენტი თავის ლეგიტიმაციას იღებს ხალხის მიერ, არჩევნების შედეგად და არა ოპოზიციის იქ შესვლით

 საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. ვერ დავინახე არჩევნებზე მანიპულაციის მტკიცებულებები, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰურებტ ქნირშმა განუცხადა. ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს.

ელჩმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციამ პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით.

„გასულ კვირებში მე ვესაუბრე რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს. ვიცი, რომ ბევრი მათგანი ძალიან იმედგაცრუებულია არჩევნების შედეგებით. მათ სხვა შედეგების იმედი ჰქონდათ და აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ ეს არჩევნები დარღვევებით წარიმართა და მოხდა მისი მანიპულირება. მე ვერ დავინახე ასეთი მანიპულაციის მტკიცებულებები. ასევე ვერ მოვისმინე შესაბამისი პრეტენზიები, თუ როგორ და რა სახით მოხდა ამ არჩევნების მანიპულაცია. ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ არ უნდათ, მათი პარლამეტში შესვლით მოხდეს პარლამენტის ლეგიტიმაცია. თუმცა, პარლამენტი თავის ლეგიტიმაციას იღებს ხალხის მიერ, არჩევნების შედეგად, ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად, და არა ოპოზიციის იქ შესვლით. პარლამენტის ლეგიტიმურობასთან მიმართებით საერთოდ არაფერი შეიცვლება იმით, გამოიყენებს თუ არა ვინმე თავის მანდატს. მე მჯერა, რომ პარტიები კიდევ დაფიქრდებიან მათ პოზიციებთან, მათ ქმედებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.