აქტუალური
გიორგი გახარია - საქართველომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორს, რომლებიც საქართველოს ხელს უწყობენ პანდემიის პირობებში ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვასა და გამოწვევებთან გამკლავებაში.

„ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელებთ ადამიანის უფლებათა დაცვის არსებული მექანიზმებისა და აღსრულების გაძლიერებას, მყარი ინსტიტუციური გარანტიების შექმნას", – განაცხადა გახარიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის წინ ევროკავშირმა (EU), გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობამ (OHCHR) საქართველოში დაიწყეს ერთობლივი პროგრამა „ადამიანის უფლებები ყველასთვის“, რომლის ბიუჯეტი 2,5 მლნ ევროა.

პროგრამა განხორციელდება გაეროს სააგენტოების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტებთან, საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.