უცხოეთი
ჯო ბაიდენმა თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე კანდიდატად გადამდგარი გენერალი ლლოიდ ოსტინი დაასახელა

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გადამდგარი გენერალი ლლოიდ ოსტინი თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა.

როგორც ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული, ოსტინი არის „უნიკალურად კვალიფიციური იმისთვის, რომ წინ აღუდგეს იმ გამოწვევებსა და კრიზისებს, რომლის წინაშეც ამჟამად იმყოფებიან“.

ჯო ბაიდენმა ოსტინს სანდო პარტნიორი უწოდა და აღნიშნა, რომ ის მოუთმენლად ელოდება მასთან კვლავ თანამშრომლობას.

სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში ლლოიდ ოსტინი პირველი შავკანიანი იქნება, რომელიც პენტაგონს უხელმძღვანელებს.

ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ლლოიდ ოსტინს თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ოფიციალურად 9 დეკემბერს დელავერში წარადგენენ.

ლლოიდ ოსტინი აშშ-ის ცენტრალური სამეთაურო შტაბის უფროსი იყო. ის თანადებობიდან 2016 წელს გადადგა.

1tv.ge