საზოგადოება
რა პროგნოზი აქვს ამირან გამყრელიძეს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობასთან დაკავშირებით

 საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. შემზღუდველი ღონისძიებების გათვალისწინებით, კვირის ბოლოსთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობის დიდი ზრდა არ უნდა გვქონდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

„დღეს შემცირება რეალურად გვაქვს, მაგრამ ეს იმის ხარჯზეა, რომ ბოლო 24 საათში 10 000 მდე ტესტი გაკეთდა. თუ ჩვენ გვექნება 20 000 მდე ტესტი, ინფიცირებულების მეტი რაოდენობის გამოვლენა მოხდება, მაგრამ ეს გაიზრდება ძირითადად მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების ხარჯზე, თუმცა სწორედ მათი იზოლირება ბინაზე თუ კოვიდ სასტუმროებში მოგვცემს ამ ჯაჭვის შემსუბუქების საშუალებას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2 501-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 164 976-ს მიაღწია.

ქვეყანაში ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან რიგი შეზღუდვები დააწესა, ყველაზე სერიოზული შეზღუდვები შვიდ დიდ ქალაქში მოქმედებს – არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრისა), ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.

Sputnik-Georgia