სამართალი
ჩეხეთის პოლიცია საქართველოს მოქალაქეს ეძებს, რომელიც პრაღაში ახალგაზრდა მამაკაცზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი

 საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. პრაღაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ჩეხეთის პოლიცია საქართველოს მოქალაქეს, ბ.ჯ.-ს ეძებს. ჩეხური მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, საქართველოს 27 წლის მოქალაქე პრაღის ცენტრში 29 წლის მამაკაცს დაესხა თავს, რომელიც მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ადგილობრივი მედია ჩეხეთის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, თავდასხმის შემდეგ დაშავებულის სიცოცხლეს პირდაპირი საფრთხე ემუქრებოდა.

„ხანგრძლივი ინტენსიური მოქმედების წყალობით, კრიმინალურმა გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ შესაძლო თავდამსხმელი არის 27 წლის ძებნილი ბ.ჯ. საქართველოდან, რომელიც წარსულში უკვე მსჯავრდებულია მსგავს ძალადობრივ დანაშაულში“, – აღნიშნა პოლიციის სპიკერმა ევა კროპაჩოვამ.

კრიმინალისტებმა თავდასხმა შეაფასეს, როგორც სხეულის მძიმე დაზიანება, რის გამოც ეჭვმიტანილს, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მედიის ცნობით, პოლიციამ ზომები მიიღო ჩეხეთისა და შენგენის ზონის საზღვრებზე ეჭვმიტანილის შესაძლო გაქცევის გამო.