სამართალი
კარლ ჰარცელი - ვიმედოვნებ, შევძლებთ ფართომასშტაბიან შეთანხმებას

 საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. მოლაპარაკების საუკეთესო ვარიანტი იქნება, რომ მოვძებნოთ ფართო კონსენსუსი, ეს იქნება ამ სიტუაციიდან გამოსვლის კარგი ვარიანტი,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„არ დავიწყებ სპეკულირებას ამის სხვადასხვა ელემენტზე, რადგან საბოლოო ჯამში, ფასილიტატორი ვარ და არა მოსამართლე. ჩემზე არ არის დამოკიდებული, რომ მივიღო გადაწყვეტილებები. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს პარლამენტის გახსნამდე ერთი კვირით ადრე. მოლაპარაკება იქნება რთული. ჩვენ, როგორც ფასილიტატორებმა, მივაღწიეთ იმას, რომ სხვადასხვა მხარეები დავსვით მოლაპარაკების მაგიდასთან, ბევრი კარგი იდეაა შემოთავაზებული.

ყველა მოლაპარაკებაში ძალიან მნიშვნელოვანია, ორივე მხარე მაქსიმალურს აკეთებდეს, რომ იფიქროს, თუ როგორ წარადგინოს თავისი პოზიცია შეძლებისდაგვარად საუკეთესოდ შეთანხმების მიღწევისთვის, ისევე როგორც დაეხმაროს მეორე მხარე ამ მიმართულებით.

წინასწარ ვერ გეტყვით, რა შედეგები იქნება, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა მხარემ რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ვიმედოვნებ, შევძლებთ ფართომასშტაბიან შეთანხმებას, მაგრამ არ შემიძლია, რომ ეს დადასტურებულად გითხრათ. დარწმუნებული ვარ, ყველა მხარე იმუშავებს აქტიურად, რათა მივაღწიოთ კარგ შედეგს, თუ ეს შესაძლებელია“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.