პუბლიკაციები
უმრავლესობისა და ოპოზიციის შორის შეთანხმების ბოლო ვადა მიმდინარე კვირის ბოლოა - საქინფორმი

 საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. 8–საათიანი კონსულტაციები აშშ–ის ელჩის რეზიდენციაში კვლავ უშედეგოდ დასრულდა. ხელისუფლება და ოპოზიცია მხოლოდ ერთ საკითხზე შეთანხმდნენ - გაიმართება მოლაპარაკებების მე -4 რაუნდი, რომელიც, ალბათ, უფრო წარმატებით დასრულდება, ვიდრე მე-3.

   "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ - საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ გამოხატა მზაობა კონსენსუსის მისაღებად ოთხი მოთხოვნიდან ორზე (ცესკოს და სასამართლოების რეფორმა), გარდა ორი ძირითადი და არარელევანტური მოთხოვნისა: განმეორებითი (არ უნდა აგვერიოს ვადამდელში) საპარლამენტო არჩევნების და/ან პლებისციტის ჩატარებაზე; პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, რომელსაც ხელისუფლება ასეთად არ ცნობს.

ისე, პოლიტპატიმრებიც არ წარმოადგენს პრობლემას, აი ახალი საპარლამენტო არჩევნები კი ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა აღიაროს 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები საკუთარი ხელით გაყალბებულად, ანუ საკუთარი ამომრჩევლის შეურაცხყოფად, ამიტომ აქ გადის "წითელი ხაზი".

   რაში მდგომარეობს გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი ძალა? ერთიანობაში, რაც მათ ესმით (გარდა „გირჩის“ პარტიის დაშლისა, მათი წაჩხუბება არ მოხერხდა). ქარიზმატული და გამოცდილი ლიდერების სიმრავლეში, რაც მმართველ უმრავლესობას არ ჰყავს (ივანიშვილი არ არის საჯარო ფიგურა, გენმდივანი კალაძე კი შეეჩვია დედაქალაქის მერის როლს ყველასთვის - როგორც მმართველი პარტიის, ასევე გაერთიანებული ოპოზიციისთვის, პრემიერი გახარია არ ერევა საპარლამენტი საკითხებში - მას მოქმედების სრული თავისუფლება მთავრობაშიც კი არ აქვს. დარჩა მხოლოდ სამი ფიგურა - პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძე, უმრავლესობის ლიდერი ვოლსკი და აღმასრულებელი მდივანი კობახიძე).

   ოპოზიციის სიძლიერე მოტივირებულ, გაერთიანებულ ელექტორატშია (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1/3-ზე მეტი). ასევე - ხელისუფლების მენეჯმენტის შეცდომებში კორონავირუსის ფონზე (ეკონომიკური ბლოკი და, განსაკუთრებით, ჩავარდნები ჯანდაცვის სფეროში). ავადმყოფი და მშიერი მოსახლეობის რისხვაში. როგორც არასდროს ძლიერ პოზიციაში – პარლამენტი ოპოზიციის გარეშე ხეიბრად გამოიყურება, ოპოზიციამ ეს იცის და ამით სპეკულირებს. მმართველი გუნდის ეკლექტიკურობაში.

   რაში მდგომარეობს უმრავლესობის ძალა? მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შეუზღუდავ რესურსებში. დასავლეთისა და ფასილიტატორების - აშშ–ისა და ევროკავშირის ელჩების მხარდაჭერაში, რომლებიც აუცილებლად აიძულებენ ოპოზიციას პარლამენტში შესვლას, რადგან არჩევნები კონკურენტულად და გამჭვირვალედ ცნეს. „გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერისა და მისი აღიარებული გურუს, მიხეილ სააკაშვილის არამიმზიდველობაში. მაგრამ მთელი ეს "სამგროშიანი ოპერა" შეიძლება გაანადგუროს ფორს მაჟორმა: კორონავირუსმა, ზამთარმა და ლოქდაუნმა, რის შემდეგაც მოვლენების სპონტანური განვითარება არაპროგნოზირებადი გახდება.

   საქინფორმის რედაქცია