პოლიტიკა
გიორგი გახარია - საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია სწორად არის აღქმული ჩვენი პარტნიორების, მეგობარი ქვეყნების მხრიდან და აქვს მათი მხარდაჭერა

 საქართველო,4 დეკემბერი, საქინფორმი. მინდა, მადლობა გადავუხადო და მივულოცო საგარეო საქმეთა მინისტრს წარმატებული მონაწილეობა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, სადაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გზავნილები იყო გაჟღერებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

ამასთან, გახარიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებსაც, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის შემდგომ გაღრმავებას მხარი დაუჭირეს.

„რა თქმა უნდა, აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ნატო-ს მყარი მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის გაგრძელების, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეული ჩვენი მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომელთაც მხარი დაუჭირეს როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის შემდგომ გაღრმავებას. რა თქმა უნდა, მათ პრაქტიკული ნაბიჯებით და გეგმებით მხარი დაუჭირეს საქართველოს თავდაცვითუნარიანობის გაძლიერებას. მოგეხსენებათ, ჩვენთვის ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია სწორად არის აღქმული ჩვენი პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების მხრიდან და აქვს მათი მხარდაჭერა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალმა 2 დეკემბერს ნატო-საქართველოს არსებითი, განახლებული პაკეტი დაამტკიცა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას აძლიერებენ.