სამართალი
ცესკო-ს პრესსპიკერმა თანამდებობა დატოვა

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეესსპიკერმა, ანა მიქელაძემ 1 დეკემბერს თანამდებობა „პირადი გადაწყვეტილების“ საფუძველზე დატოვა. იგი ამ პოსტს 2015 წლის მაისიდან იკავებდა.

გადაწყვეტილების შესახებ მიქელაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა და აღნიშნა, რომ „ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და, რაღა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან“.

„როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობისას, ვხელმძღვანელობდი მხოლოდ პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების პრინციპებით და მუდამ ვცდილობდი, ჩემი, თუნდაც მცირე წვლილი, შემეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში“, – თქვა ანა მიქელაძემ.

მედიაში მიქელაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია არჩევნების პირველი ტურიდან მალევე გავრცელდა. იგი მედიასთან ბოლოს 2 ნოემბერს გამოჩნდა. მას შემდეგ, ცესკო-ში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგებს სხვები უძღვებოდნენ. თავად საარჩევნო ადმინისტრაციაში მიქელაძის წასვლას არ ადასტურებდნენ და ამბობდნენ, რომ იგი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო არ ჩანდა.

მიქელაძის გადადგომას წინ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის პროტესტი და არჩევნების „გაყალბების“ გამო ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ მოთხოვნა უძღოდა.