პოლიტიკა
დაზარალებულთა ფონდის საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელი განმარტავს, რა სახის მხარდაჭერას ითვალისწინებს აგვისტოს ომის მსხვერპლთა დახმარების პროგრამა

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. დაზარალებულთა ფონდის საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელი სკოტ ბარტელი განმარტავს, თუ რა კომპონენტებს მოიცავს აგვისტოს ომის მსხვერპლთა დახმარების პროგრამა.

მისი თქმით, ეს შესაძლოა იყოს სამედიცინო მკურნალობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, საყოფაცხოვრებო საქმიანობის მხარდაჭერა და მატერიალური დახმარება.

სკოტ ბარტელის განცხადებით, საუბარია მხარდაჭერის პროგრამაზე და დაზარალებულთა ფონდი არ გასცემს კომპენსაციებს.

„როგორც უკვე აღინიშნა, დაზარალებულთა ნდობის ფონდი ემზადება საქართველოში დახმარების პროგრამის დასაწყებად. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ სიტუაციის შეფასება და მიმდინარე წელს დავასრულეთ. დახმარების პორგრამამ შეიძლება მოიცვას სამედიცინო მკურნალობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, საყოფაცხოვრებო საქმიანობის მხარდაჭერა და მატერიალური დახმარება. ჩვენი პროგრამა საქართველოში მოიცავს ამ კომპონენტებს და განხორციელდება 2008 წლის კონფლიქტის მსხვერპლთა სასარგებლოდ, მათ შორის იძულებით გადადგილებული და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები პირების. როგორც უკვე აღინიშნა, ეს არის მხარდაჭერის პროგრამა, ჩვენ არ გავცემთ ფინანსურ კომპენსაციებს ან რეპარაციებს. რეპარაციების გაცემა ხდება სასამართლოს დასრულების შემდეგ“, – განაცხადა სკოტ ბარტელმა.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატი (TFV) 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის 600 000 ევროს მოცულობის დახმარების სამწლიან პროგრამას იწყებს.