საზოგადოება
ალასანიას მონაცემებით, შიდა ქართლის სოფლებში უმძიმესი სოციალური ვითარებაა

alasania_goriროგორც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 20 აპრილს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მან პირადად მოინახულა გორის რაიონის სოფლების – ზეღდულეთის, ახრისის, ხელთუბნის, ზერტის, ტირძნისის, ბროწლეთისა და ქორდის მცხოვრებნი, რომელთა მდგომარეობაც, მისივე თქმით, საგანგაშოა.

„ხელისუფლების დაპირებების მიუხედავად, ამ სოფლებში კვლავ მოუგვარებელია სარწყავი წყლის, ტექნიკისა და სასუქის პრობლემა, რის გამოც, პრაქტიკულად, შეჩერებულია საგაზაფხულო სამუშაოები. ეკონომიკის სამინისტრო არ ითვალისწინებს სოფლების მოსახლეობის ინტერესებს და მათგან ფარულად ასხვისებს მიწებს, რომლებსაც გლეხები საძოვრებად იყენებდნენ. რეგიონის მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მიუღია სასურსათო ვაუჩერი, სოფელ ტირძნისში ვაუჩერი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს დაურიგდათ“, – განაცხადა ალასანიამ, რომელიც მიმართავს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, უსწრაფესად წარმოადგინოს ანგარიში, თუ როგორ აპირებს საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობას გლეხებისთვის. ალასანია მიმართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაც, საჯარო გახადოს ინფორმაცია ტენდერის ჩატარების შესახებ, რის შედეგადაც გლეხებისგან მალულად გასხვისდა მიწები.