პოლიტიკა
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები თბილისს სტუმრობენ

 საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან, ტოივო კლაარმა, ჯიჰან სულთანოღლუმ და რუდოლფ მიხალკამ თბილისში დისკუსიების 51-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 23 ნოემბრის შეხვედრაზე მწვავედ დაისვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან პანდემიის პირობებში „გახშირებული პროვოკაციები“, მათ შორის, ე.წ. „ბორდერიზაციისა“ და უკანონო დაკავების შემთხვევები, რაც „ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს“.

მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ შეშფოთება გამოხატა საოკუპაციო რეჟიმის მიერ 20 ნოემბერს სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ დაკავებული მირიან თაზიაშვილის გამო. განსაკუთრებული ყურადღება ასევე გამახვილდა უკანონო პატიმრობაში მყოფ ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და ირაკლი ბებუას საკითხებზე.

რაც შეეხება ჰუმანიტარულ საკითხებს, საქართველოს ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ახალგორში მცხოვრები ექიმის, ონისე გათენაშვილის გარდაცვალების ბოლო შემთხვევა „კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მათ შორის, გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის თვალსაზრისით“.

დარსალიამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი აგრძელებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებს. „საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ქართული მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ცხინვალში ინალ ჯაბიევის გარდაცვალება „ნათლად ცხადჰყოფს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ურთულეს მდგომარეობას“. მათ თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე კვლავ დააყენეს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხი.

საგარეო უწყების ინფორმაციით, თავის მხრივ, თანათავმჯდომარეებმა შეშფოთება გამოთქვეს ბოლოს დროს ადგილზე გართულებული მდგომარეობის გამო და ხაზი გაუსვეს შექმნილი რთული ვითარების გადაჭრის აუცილებლობას.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ მოსამზადებელი შეხვედრები მიმდინარე კვირას სოხუმსა და ცხინვალშიც გაიმართება.

ჟენევის დისკუსიების 51-ე რაუნდი, რომელიც თავდაპირველად 31 მარტი – 1 აპრილს იგეგმებოდა, თანათავმჯდომარეებმა პანდემიის გამო გადადეს. დისკუსიების მორიგი რაუნდი 6-7 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, თუმცა უკვე მეორედ დეკემბრამდე გადაიდო, რადგანაც „დასწრების შესაძლებლობა მის ყველა მონაწილეს არ ჰქონდა“. თბილისმა მოსკოვი მოლაპარაკებების განზრახ ჩაშლაში დაადანაშაულა.