საზოგადოება
კორონავირუსთან დაკავშირებული სოციალური შეღავათები გაგრძელდება

 საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმ სოციალური პაკეტის შესახებ ისაუბრა, რომელსაც მთავრობა აგრძელებს.

„ჩვენ ვაწესებთ სოციალურ-მიზნობრივ დახმარებას, რომელიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში, ეს გახლდათ 300 ლარის ოდენობით. ჩვენ დაწყებული გვაქვს ამ ხალხის აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად, რომლებთანაც ისინი არიან დასაქმებული და ამ 300-ლარიანი დახმარების გარდა, ჩვენ ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ თითოეულ ადამიანს, რომელსაც აქვს საბანკო სესხი მიზნობრივად ამ სფეროდან, ამ სექტორში დასაქმებულს, მივეხმაროთ სესხის გადავადებაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარებით პირველი ტალღის პირობებში ისარგებლა 250 ათასმა ადამიანმა.

„ამჯერად, იქიდან გამომდინარე, რომ დავიწროებულია სფერო, რომლის მიმართ იქნება გამოყენებული ეს დახმარება, ვფიქრობ, იქნება დაახლოებით ამის ნახევარი, სადღაც 100-120 ათასი ბენეფიციარი. მოგეხსენებათ, გარდა ამ შეზღუდვებისა, ყველას კარგად გესმით, რომ ეკონომიკური კრიზისი ქვეყანაში გრძელდება და საკმაოდ მძიმე 2021 წელი გველოდება. შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისის ეფექტი გადანაწილებულია ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეზე და უმრავლეს სოციალურ ჯგუფზე, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაგრძელებთ და ვადასტურებთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ ოთხი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები, როგორც ელექტროენერგიის, ასევე გაზის, იქნება დაფარული. გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა, რომელმაც კარგად იმუშავა პირველი ტალღის დროს, ფორმალურად დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, იღებდნენ 1200-ლარიან დახმარებას ექვს თვის განმავლობაში, ეს პროგრამა პირველი იანვრიდან დაიწყება თავიდან და გაგრძელდება ექვსი თვის განმავლობაში. ყველა ადამიანი, რომელმაც ამ კრიზისში დაკარგა სამსახური, მიმართავს სახელმწიფოს, დამატებით სახელმწიფოსგან მიიღებს დახმარებას 1200 ლარის ფარგლებში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით. ამ დახმარებით წინა ტალღის პირობებში ისარგებლა 125 ათასმა ადამიანმა, ვფიქრობთ, ამჯერადაც იგივე ციფრი იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.