პოლიტიკა
ევროპარლამენტარები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ

 საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. წამყვანმა ევროპარლამენტარებმა, რომლებიც ევროკავშირი-საქართველოს საკითხებზე მუშაობენ, 21 ნოემბრის მეორე ტურებთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ ახლადარჩეულ პარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ კონსტრუქციულად უნდა იმუშაოს და ახსოვდეს საქართველოს მიერ არჩეული ევროპული გზა“.

23 ნოემბერს გამოქვეყნებული განცხადების ხელმომწერებმა, მათ შორის, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელმა, მარინა კალიურანდმა, საქართველოს შესახებ მომხსენებელმა სვენ მიკსერმა და გერმანელმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა მოუწოდეს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს, რომ გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავშეკავება და სიმწიფე და პატივი სცენ ამომრჩეველთა დემოკრატიულ არჩევანს“.

მათ სინანული გამოხატეს იმის გამო, რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა მეორე ტურებში საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს და მოუწოდეს პოლიტიკურ აქტორებს, რომ საჭირო კომპრომისი გამოძებნონ, კერძოდ საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების ხელშეწყობით მიმდინარე ახალი დიალოგის გზით, რათა უზრუნველყონ პარლამენტის, დემოკრატიისთვის ამ აუცილებელი ინსტიტუტის, შეუფერხებელი მუშაობა“.

ევროპარლამენტარებმა ხაზი გაუსვეს, რომ ისინი მიესალმებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გაკეთებულ შეფასებებს და დასძინეს, რომ მეორე ტურების შემდეგაც ელიან, რომ ყველა დასაბუთებული საჩივარი სამართლიანად, გამჭვირვალედ და ზედმიწევნით იქნება განხილული“.

ოთხმა პარლამენტარმა ევროპარლამენტის მზადყოფნა გამოხატეს, რომ დაეხმარნონ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს კიდევ უფრო გააუმჯობესონ შესაბამისი კანონმდებლობა შემდგომ არჩევნებამდე“.