უცხოეთი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აშშ-ში, სავარაუდოდ, 11 დეკემბერს დაიწყება

 საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. ამერიკელების კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სავარაუდოდ, 11-12 დეკემბერს დაიწყება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ვაქცინების პროგრამის ხელმძღვანელმა მონსეფ სლაუიმ განაცხადა.

“ჩვენ ვგეგმავთ, რომ ვაქცინის იმუნიზაციის ადგილებზე გადატანა დამტკიცებიდან 24 საათის განმავლობაში შევძლოთ. ვფიქრობ, ამისთვის ერთი ან ორი დღე დაგვჭირდება, ასე რომ, ეს პროცესი 11 ან 12 დეკემბერს დაიწყება“, - აღნიშნა მონსეფ სლაუიმ CNN- სთან ინტერვიუში.

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Pfizer– მა და მისმა პარტნიორმა BioNTech–მა კოვიდ 19-ის ვაქცინის გადაუდებელი ავტორიზაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადი პარასკევს შეიტანეს. აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტი ვაქცინის ნებართვის საკითხის განსახილველად 10 დეკემბერს შეიკრიბება.

შეგახსენებთ, ვაქცინამ, რომელიც ორ დოზას საჭიროებს, 95% ეფექტურობა აჩვენა. Pfizer იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე 50 მილიონამდე დოზის წარმოება იქნება შესაძლებელი.

interpressnews.ge