პოლიტიკა
არჩევნები, სასამართლო, კორონავირუსი და კიბერუსაფრთხოება – აშშ–ის სახდეპი საქართველოში პომპეოს ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

 საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, სადაც სახელმწიფო მდივნის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის თაობაზე იუწყება.

„მდივანმა პომპეომ და პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განიხილეს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებისა და დემოკრატიაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების როლის მნიშვნელობა. მდივანმა მოუწოდა საქართველოს, განაგრძოს აქტიური ზომების მიღება „კოვიდ-19“ პანდემიის დასამარცხებლად და კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად. მდივანმა პომპეომ ასევე განაცხადა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის შესახებ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსული ოკუპაციის წინაშე“, – ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 17 ნოემბერს ეწვია, ხოლო ოფიციალური შეხვედრები 18 ნოემბერს გამართა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა. მოგვიანებით, მთავრობის ადმინისტრაციაში მაიკ პომპეო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა. მოგვიანებით, შეხვედრა გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და სასულიერო პირებთან. მაიკ პომპეომ ასევე შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ვიზიტი 18 ნოემბერს დაასრულა და ისრაელში გაემგზავრა.