უცხოეთი
მარინა კალიურანდი - ღრმად მწამს, რომ ოპოზიციის მიზანმიმართული მცდელობა, შეფერხდეს ინსტიტუტების გამართული მუშაობა, წარუმატებელია, მოვუწოდებ მათ, აიღონ თავიანთი მანდატები პარლამენტში

 საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. ჩემდა სამწუხაროდ, პირველი ტურით იმედგაცრუებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნების მეორე ტურს, ღრმად მწამს, რომ ეს მიზანმიმართული მცდელობა – შეფერხდეს ინსტიტუტების გამართული მუშაობა, წარუმატებელია, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში დელეგაციის ხელმძღვანელმა, ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდიმ განაცხადა.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ევროპარლამენტარი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების სურვილს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნების მეორე ტურში და შევიდნენ პარლამენტში.

„მსურს, გავიხსენო ევროპარლამენტის წინა შეფასება, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო დამკვირვებლების და ეუთო/ოდირის მიერ განთავსებული გრძელვადიანი დამკვირვებლების დასკვნასთან, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, მიუხედავად რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, კარგად ადმინისტრირებული და რომ ძირითადი თავისუფლებები, გამოხატვის თავისუფლების ჩათვლით, მთლიანობაში დაცული იყო, დარჩენილი ხარვეზების მიუხედავად, რომლებიც უნდა მოგვარდეს. ყველა დასაბუთებულ აპელაციასა და საჩივარს, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარედგინა, უნდა გაეცეს პასუხი სამართლიანი, საფუძვლიანი და მკაცრი ფორმით, კანონის და მაღალი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად.

ჩემდა სამწუხაროდ, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც იმედგაცრუებულები არიან პირველი ტურის შედეგებით, განაცხადეს თავიანთი განზრახვის შესახებ, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნების მეორე ტურს და უარი თქვან პარლამენტში საკუთარ ადგილებზე. ღრმად მწამს, რომ ეს მიზანმიმართული მცდელობა – შეფერხდეს ინსტიტუტების გამართული მუშაობა, რაც დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარუმატებელია.

მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს და კანდიდატებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნების მეორე ტურში და აიღონ პარლამენტში საკუთარი მანდატები, რათა პატივი სცენ ქართველი მოქალაქეების დემოკრატიულად გამოხატულ სურვილს.

მე გულწრფელად მივესალმები ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებს, რომელიც ამერიკისა და ევროკავშირის ეგიდით, დაძაბულობის განსამუხტად მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, რომ ევროატლანატიკური თანამშრომლობა არის გზა სტაბილურობისკენ და იმედიანად ვუყურებ ახალ პარლამენტთან მომავალ თანამშრომლობას”, – აცხადებს მარინა კალიურანდი.

1tv.ge