უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის შესახებ მიღებული ერთობლივი განცხადების ბევრი დებულება დაზუსტებას საჭიროებს

 საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასრულების შესახებ განცხადების ბევრი დებულება დაზუსტებას საჭიროებს.

კითხვაზე, რატომ არ მიმდინარეობს დიალოგი იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც აცხადებენ, რომ არსებობს განცხადების ზოგიერთი დებულების შეცვლის შანსი ისე, რომ მიღწეული შეთანხმება სომხეთისთვის უფრო ხელსაყრელი გახდეს, ფაშინიანმა უპასუხა, რომ მას ამ ძალებისგან არანაირი შემოთავაზება არ მიუღია.

“სიმართლე გითხრათ, მე არ მიმიღია არანაირი წინადადება რომელიმე პოლიტიკური ძალისგან, რომლებმაც იციან, როგორ გააკეთოს ეს უკეთ. არსებითად, დოკუმენტის დებულებების შეცვლა ნიშნავს სამხედრო ვითარების შეცვლას, რაც, ვფიქრობ, დღეს არარეალურია. რაც შეეხება სამომავლო მოლაპარაკებების პროცესს, ამ დოკუმენტში ბევრი ისეთი დებულებაა, რომელიც დაზუსტებას საჭიროებს. ამ ინტერპრეტაციების დროს ყველა იდეა და რეკომენდაცია შეჯამდება და ჩვენ შევეცდებით საუკეთესო წინადადებები განვახორციელოთ,” - განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, 9 ნოემბერს რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ, რასაც სომხეთში ოპოზიციისა და მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ისინი პრემიერ-მინისტრს ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის დათმობაში ადანაშაულებენ.

interpressnews.ge