სამართალი
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართა

 საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით გამართული პირველი დიალოგიდან ორ დღეში და ოპოზიციის საპროტესტო აქციამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდი გაიმართა.

შეხვედრიდან გამოსული მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, რომელიც მოლაპარაკებებში მმართველ გუნდს წარმოადგენს, დიალოგის ფორმატს კიდევ ერთხელ მიესალმა და თქვა, რომ მხარეები პოზიციების დაახლოებას „მაქსიმალურად“ ცდილობენ, რათა „დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება“.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის დასრულდება და ამოიწურება. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დიალოგი განვაგრძოთ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში“, – თქვა არჩილ თალაკვაძემ და დაამატა, რომ პოლიტიკური პარტიები კიდევ ერთ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

მოლაპარაკების მხარეებს შორის „ძალიან განსხვავებული“ პოზიციების გამო, რომ „დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ნაადრევია“, ეს ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემაც თქვა და დასძინა, რომ მთავარი ამოცანაა „დიალოგის გზით, სწორედ ამ განსხავავებული პოზიციების დაახლოება“.

ბაქრაძემ ისიც აღნიშნა, რომ ქართული ოცნების მხრიდან დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული შემოთავაზება არ ყოფილა და მხოლოდ ოპოზიციის ინიციატივაზე ისაუბრეს, თუ „როგორ უნდა განიმუხტოს სიტუაცია ახალი არჩევნების დანიშვნის გზით“.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებაც შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ გუშინდელ სხდომაზე ცესკომ უბნების გასაჩივრებისა და ხმების გადათვლის შესაძლებლობა „პრაქტიკულად დახურა“ და „ოპოზიციას წაართვა სასამართლოს უფლება“.

კონკრეტული შედეგის მიღწევისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნისთვის, საპროტესტო აქციების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა. „ქართულ ოცნებას ჯერჯერობით არავითარი ინიციატივა არა აქვს, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოგვიცხადონ უვადო, შეუზღუდავ მმართველად“, – თქვა შალვა ნათელაშვილმა.

ხელახალი არჩევნების დანიშვნა რომ ოპოზიციის საერთო მოთხოვნაა და სხვა საკითხის განხილვას „აზრი არ აქვს“, ეს შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც თქვა და დაამატა, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდზე ოპოზიციური პარტიები მმართველი გუნდისგან ხელახალი არჩევნების თარიღის დასახელებას ელოდებიან.

„მთავარი საკითხი, რომელიც განიხილება, არის ხელახალი არჩევნების საკითხი, ეს არის პრინციპული საკითხი ოპოზიციის“, – თქვა გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემაც. „დიალოგი არ დამთავრებულა, კარი არ მოგვიჯახუნებია“, – აღნიშნა მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.