პუბლიკაციები
დასავლეთი მოლდავეთის გაყოფას და გაქრობას უწყობს ხელს - რა დასკვნა კეთდება საქართველოსთვის?

 საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. მოლდავეთის რესპუბლიკას უკვე რეალურად დაემუქრა ტერიტორიული გაყოფა და შემდგომ, სახელმწიფოებრიობის გაუქმებაც. ეს პროცესი არ არის ძალადობრივი გზით დაგეგმილი, იგი ლამაზად შეიფუთება და გაფორმდება, მოლდაველი ხალხი მწარედ იქნება მოტყუებული. ამ ყველაფერს კი დასავლეთი უწყობს ხელს - ადგილობრივი პოლიტიკოსების ხელით.

მოლდავეთში 15 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, სადაც ერთმანეთს ამჟამინდელი პრეზიდენტი, იგორ დოდონი და მის მიერ 2016 წელს ერთხელ უკვე დამარცხებული მაია სანდუ უპირისპირდებიან.სანდუ სოროსულ ლაბორატორიებშია „გამოზრდილი“, სოროსის ფონდის მოლდავურ ფილიალს ხელმძღვანელობდა კიდეც და ქვეყანას ევროპულ ყაიდაზე აყვავებას ჰპირდება - რამდენად საფუძვლიანად და რამდენად დამაჯერებლად, ამას მოლდაველი ამომრჩეველი გადაწყვეტს, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ განსხვავებით 2016 წლისაგან, სანდუს შანსები უფრო რეალურია, სხვაობა მისი და დოდონის რეიტინგებს შორის ძალიან მცირეა, პირველი ტური სწორედ სანდუმ მოიგო მცირე სხვაობით - სანდუს 36% დოდონის 32%-ის წინააღმდეგ.

ეს იმიტომ მოხდა ასე, რომ დასავლეთმა ბოლო ოთხი წლის მანძილზე ყველაფერი იღონა და ბევრი ფული ჩადო სანდუსა და მთლიანობაში პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის გასაძლიერებლად, რათა მოლდავეთში არსებული ბალანსი პროდასავლურ და არაპროდასავლურ ძალებს შორის დარღვეულ იქნას და რესპუბლიკა ჩათრეულ იქნას ანტირუსულ ავანტიურებში, როგორც არაერთგზის და, ახლა უკვე საბოლოოდ, ჩაითრიეს უკრაინა და საქართველო. ეს უკვე თავისთავად ნიშნავს საფრთხეს მოლდავეთისთვის, რომლის აგრარული ეკონომიკა, სახელგანთქმული მეღვინეობა, რუსეთზე არის მთლიანად ორიენტირებული...მაგრამ საფრთხე მხოლოდ ეკონომიკურ ხასიათს არ ატარებს.

რა ინტერესი აქვს დასავლეთს? - იგივე, რაც საქართველოსა და უკრაინაში განახორციელა, კერძოდ, ქვეყნის მოწყვეტა რუსული ორბიტიდან. კეთილი და პატიოსანი, დავუშვათ, რომ ეს მიზანი ძალზე „კეთილშობილურია“, მაგრამ ჩვენ ხომ უკვე ვიცით, რომ რუსული ორბიტიდან ძალადობრივი მოწყვეტა ამა თუ იმ ქვეყნის დანაწევრებას, ტერიტორიული მთლიანობის რღვევას იწვევს: საქართველოს „კაპიტალურად“ ჩამოსცილდნენ აფხაზეთის და შიდა ქართლში ოსების თვითგამოცხადებული რესპუბლიკები, ხოლო უკრაინამ ყირიმი დაკარგა და ახლოსაა, რომ სამუდამოდ გამოემშვიდობოს დონბასის რეგიონსაც. სწორედ ასე მოუწევს მოლდავეთს - თავისი ინდუსტრიულად შედარებით უფრო განვითარებული ტერიტორიის, დნესტრისპირეთის (მდ. დნესტრის მარცხენა სანაპიროზე თვითგამოცხადებული რესპუბლიკა) დაკარგვა. ტერიტორია, რომელსაც მოლდავეთის ცენტრალური ხელისუფლება 1992 წლიდან ვერ აკონტროლებს, საბოლოოდ ჩამოსცილდება მოლდავეთს.

საქმე ისაა, რომ ამ პროცესების ხელშესაწყობად უნდა დასავლეთს, გაამარჯვებინოს სოროსელ მაია სანდუს, ვინაიდან სანდუ ემხრობა მოლდავეთის რუმინეთიზაციას ანუ რუმინეთთან შეერთებას. საქმე ისაა, რომ რუმინელები და მოლდაველები პრაქტიკულად ერთ ენაზე ლაპარაკობენ, რუმინულსა და მოლდავურს შორის ძალიან მცირე სხვაობაა და მეზობელი რუმინეთის ხელშეწყობით, უკვე კარგა ხანია, მოლდავეთში მოცემულია რუმინეთთან შეერთების მოსურნეთა პოლიტიკური აქტივობები. თუმცა ბევრი მოლდაველი ეწინააღმდეგება ამ იდეას და თავს არ მიიჩნევს რუმინელად ან, შეიძლება, მიიჩნევს კიდეც, მაგრამ დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრება ურჩევნია. ასე თუ შევხედავთ საქმის ვითარებას, რუსეთსა და ბელარუსს შორის ან რუსეთსა და უკრაინას შორის ეთნიკური, ენობრივი და კულტურული სხვაობები მინიმალურია, მაგრამ არსებობს სამი სხვადასხვა სახელმწიფო. შესაბამისად, მოლდაველებს არ გააჩნიათ საფუძველი, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, გაერთიანდნენ რუმინეთთან. მით უმეტეს, რუმინეთი არ გახლავთ ევროკავშირის ყველაზე განვითარებული სახელმწიფო და ახალს ბევრს ვერაფერს შესთავაზებს მოლდაველებს თავის შემადგენლობაში.

მეტიც, სავარაუდოა, რომ მოლდაველების ცხოვრების დონე რუმინეთის შემადგენლობაში დაეცემა კიდეც. ეს მარტივი გასათვლელია, თუკი დავაკვირდებით გერმანიის გაერთიანებას, როდესაც ეს გაერთიანება რეალურად დასავლეთ გერმანიის მიერ აღმოსავლეთის „ჩაყლაპვას“ წარმოადგენდა. მიუხედავად დასავლეთ გერმანიის - ფედერაციული რესპუბლიკის უზარმაზარი ფინანსური და ეკონომიკური შესაძლებლობებისა, აღმოსავლეთ გერმანიის ანუ ყოფილი გდრ-ის მოსახლეობის დიდი ნაწილი, ასევე დიდი ხნის მანძილზე, უკმაყოფილო დარჩა გაერთიანების შედეგებით. აღმოსავლეთის გერმანელები ცხოვრების, შემოსავლების დონით წლების მანძილზე მკვეთრად ჩამორჩებოდნენ დასავლეთის გერმანელებს და ეს ჩამორჩენილობა გარკვეულწილად დღემდე ნარჩუნდება. ეკონომიკური მომენტის გარდა, აღმოსავლელმა გერმანელებმა ერთიან გერმანიაში თავი „მეორე სორტის მოქალაქეებად“ იგრძნეს. ამის შესახებ თავად გერმანიაში არაერთი კვლევა, სტატია და რეპორტაჟი მომზადებულა და ეს საყოველთაოდ ცნობილია.

და, ამ ფონზე, რას უნდა ელოდოს მოლდავეთი, თუკი მას რუმინეთი შეიერთებს, რომლის გერმანიასთან შედარებაც-კი არ შეიძლება?! ყოფილი პრემიერი და ახლა პრეზიდენტობის კანდიდატი, მაია სანდუ არ საუბობს რუმინეთთან მოლდავეთის მიერთების ფორსირებაზე, მაგრამ ირიბად მაინც ადასტურებს ასეთი გეგმების არსებობას. 2019 წელს მან განაცხადა:

მოლდავეთის მოსახლეობის არსებითი ნაწილი, გამოკითხვების მიხედვით, დაახლოებით 25% და მეტიც, მხარს უჭერს რუმინეთთან გაერთიანებას და ითხოვს კიდეც ამას. მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ არა პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ ქვეყნის მოსახლეობამ რეფერენდუმის გზით“.

ეს განცხადება სანდუმ 2019 წლის ივლისში გააკეთა - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა იგორ დოდონმა რუმინეთთან შეერთების შესაძლებლობა გამორიცხა, აღნიშნა რა, რომ ასეთი გაერთიანება მოლდავეთში სამოქალაქო ომს გამოიწვევს, ვინაიდან დნესტრისპირეთი და ქვეყნის სამხრეთში კომპაქტურად მცხოვრები, თურქული წარმოშობის, მაგრამ მართლმადიდებელი რწმენის გაგაუზები ამ ვარიანტს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

მაგრამ, როგორც ჩანს, სოროსული ლობი მოლდავეთში და ამ ქვეყანაში შეერთებული შტატების ელჩი ჰოგანი ამას დიდ პრობლემად არ მიიჩნევენ - მთავარია, რომ ვითარება დაიძაბოს და, არეულობის შემთხვევაში, ყველაფერი რუსეთს დაბრალდეს.მოლდავეთში აქტიურად მუშაობენ პარტიები, რომლებიც მოლდავეთის რუმინეთთან შეერთების მოთხოვნით გამოდიან. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ჟურნალისტები წერს ამასთან დაკავშირებით:მოლდავეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ლეგალურად ფუნქციონირებენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც საკუთარი სახელმწიფოს ლიკვიდაციას უჭერენ მხარს.

რაც შეეხება რუსეთს და მის პოზიციას. რუსეთი, მიუხედავად მოლდავეთში მოქმედი პრორუმინული მასმედიის მიერ დანერგილი აზრისა, რომ სეპარატიზმს უჭერს მხარს, სინამდვილეში მოლდავეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის შენარჩუნებისთვის იღვწის. საქმე ისაა, რომ სლავური წარმოშობის მოლდაველებს - ასეთები კი განსაკუთრებით მრავლად ცხოვრობენ დნესტრისპირეთში, კატეგორიულად არ სურთ ე.წ. რომანიზაცია ანუ გარუმინელება, რუმინული სახელმწიფოს ნაწილად გადაქცევა. ამ შემთხვევაში ისინი თავიანთ სლავურ-მოლდავურ იდენტობას იცავენ. გადავხედოთ დნესტრისპირეთის ეთნიკურ შემადგენლობას: 2015 წლის აღწერის მონაცემებით, არაღიარებულ „დნესტრისპირეთის მოლდავურ რესპუბლიკაში“ სულ 475 ათასი ადამიანი ცხოვრობს (აქედან 332 ათასი - ქალაქების მცხოვრებია), რა რაოდენობიდანაც ეთნიკური რუსების წილი შეადგენს 33,8%-ს, უკრაინელების - 26,6%-ს და საკუთრივ მოლდაველების - 33,1%-ს! აი სწორედ ეს ეთნოსები, მათ შორის ეთნიკური უკრაინელები და თვით მოლდაველები, რომლებიც წარმოადგენენ დნესტრისპირეთის მოსახლეობის ძირითად ნაწილს, ეწინააღმდეგებიან რუმინეთთან გაერთიანებას და დამოუკიდებელი მოლდავეთის შენარჩუნება სურთ. თავის დროზე დნესტრისპირეთი მოლდავეთს სწორედ რომანიზაციის შიშით გამოეყო და ეს აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია. თვით ვითომ-სეპარატისტული რესპუბლიკის დასახელებაშია ჩადებული სიტყვა „მოლდოვა“ - დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკა(Приднестровская Молдавская Республика - ПМР).

რუსეთი ყველა ამ ეთნოსის, მათ შორის, მოლდაველების ინტერესებს ითვალისწინებს და მოუწოდებს დასავლეთს, არ ჩაერიოს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში. ჯერ კიდევ 2001 წელს რუსეთმა (პრეზიდენტ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის, ალ. კოზაკის პირით) მოლდავეთს შესთავაზა დნესტრისპირეთის ფაქტობრივი რეინტეგრაცია ფედერალიზმის საფუძველზე - დნესტრისპირეთი აღიარებდა მოლდავეთის სუვერენიტეტს და არ ექნებოდა მოლდავეთის შემადგენლობიდან გასვლის უფლება, თუკი მოლდავეთი ნეიტრალურ სტატუსს გამოაცხადებდა და თავად არ იტყოდა უარს საკუთარ სახელმწიფოებრიობაზე ანუ რუმინეთთან შეერთებას არ დააპირებდა. განსხვავებით რუსეთისგან, დასავლეთს და მის მომსახურე მოლდავურ პერსონალს კი ქვეყნის არევა სურთ (2001 წელს სწორედ ამერიკელებმა და ევროპელებმა ათქმევინეს უარი კიშინიოვს კოზაკის გეგმაზე), ისინი უკვე ემზადებიან „ბელარუსული სცენარისათვის“ და,არჩევნებზე წარუმატებლობის შემთხვევაში, პრეზიდენტ დოდონს დასდებენ ბრალს „გაყალბებაში“. იმედია, რომ ეს შესანიშნავი ხალხი, ქვეყანა, არ დაუშვებს ამას და სოროსელები იმაზე მეტ წარმატებას ვერ მიაღწევენ, ვიდრე ბელარუსიაში მიაღწიეს, ხოლო საქართველო ერთადერთ სწორ დასკვნას გააკეთებს - საჭიროა საკუთარი, სუვერენული ინტერესების დაყენება წინა პლანზე და ბევრი პრობლემა გაცილებით იოლად მოგვარდება, ვიდრე ახლა ჩანს.

გულბაათ რცხილაძე, კიშინიოვიდან