აქტუალური
31 ოქტომბრის არჩევნების მთავარი გამარჯვებულები და დამარცხებულები

 საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ქართული ოცნება 48.21%-ით ლიდერობს. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ ერთ პარტიას ზედიზედ მესამედ ანდო მართვის სადავეები. მეორე ადგილზე გავიდა საარჩევნო ბლოკი ძალა ერთობაშია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერობით, რომელმაც ხმების 27.13% მოაგროვა. თითქმის ყველა მთავარი ოპოზიციური პარტია შედეგებს არ აღიარებს. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ შედეგები გაყალბდა – იქნებოდა ეს ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველზე ზეწოლის თუ შემაჯამებელი ოქმების გადაწერის შედეგად.

მიუხედავად შედეგებისადმი მსგავსი მასშტაბის უნდობლობისა, წინასწარი მონაცემები უკვე იძლევა საშუალებას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარ გამარჯვებულებსა და დამარცხებულებზე ვისაუბროთ.

ქართული ოცნება

31 ოქტომბრის არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ 928 835 ხმა მოიპოვა. ეს, ერთი მხრივ, თვალსაჩინო ზრდაა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, სადაც მმართველმა ძალამ 856 638 ხმა (48.68%) მიიღო, თუმცა საგრძნობლად ჩამორჩება პარტიის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნაჩვენებ შედეგს – 1 184 612 ხმა (54.97%).

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველ პარტიას თავისი კანდიდატი არ დაუსახელებია, თუმცა მხარი ნომინალურად დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა. ზურაბიშვილმა პირველივე ტურში გამარჯვება ვერ შეძლო და მეორე ადგილზე გასულ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს კი სულ მცირედით გადაასწრო. მეორე ტურში ქართულმა ოცნებამ ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გაცილებით მეტი ძალისხმევა ჩადო – საარჩევნო პოსტერებზე საპრეზიდენტო კანდიდატის ნაცვლად, ქართული ოცნების დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილიც კი გამოჩნდა, ზურაბიშვილმა კი 1 147 701 ხმის (59.52%) მოპოვება მოახერხა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ცესკოს შედეგების მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის ლიდერობით მოასპარეზე საარჩევნო ბლოკმა 522 127 ხმით (27.13%) მეორე ადგილი დაიკავა. ეს საგრძნობი პროგრესია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, სადაც პარტიამ 477 053 ხმა აიღო (27.11%). 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ჯერ კიდევ ქვეყნის სათავეში მყოფმა ნაციონალურმა მოძრაობამ 873 233 ხმის მოპოვება მოახერხა (40.34%), თუმცა მაშინ პირველი ადგილი „ქართულ ოცნებასთან“ დათმო.

2018 წლის საპრეზიდენტოზე კი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პირველ ტურში 601 224 ხმის (37.74%) აღება მოახერხა, რითაც ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს მცირედით ჩამორჩა.

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო 2017 წლის იანვარში ნაციონალური მოძრაობიდან წამოსულმა ლიდერებმა დააარსეს. შეიძლება ითქვას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი დამარცხებული სწორედ ეს პარტიაა. 2017 წლის მუნიციპალური არჩევნების შედეგებთან შედარებით, სადაც პარტიამ 156 232 (10.4%) მოაგროვა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეს შედეგი საგრძნობლად, 72 790 ხმამდე (3.78%) შემცირდა.

ევროპულმა საქართველომ მძიმე დარტყმა მიიღო თბილისშიც, სადაც 17 309 ხმით ოპოზიციურ პარტიებს შორის მე-6 ადგილზე გავიდა. შედარებისთვის, 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში პარტიამ დედაქალაქში მე-3 საუკეთესო შედეგი აჩვენა – 35 586 ხმა (9.18%).

სტრატეგია აღმაშენებელი/ახალი საქართველო

პლატფორმა სტრატეგია აღმაშენებელმა, გიორგი ვაშაძის ახალი საქართველოს ლიდერობით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 60 634 ხმა მიიღო (3.15%), რაც სამმაგი ზრდაა ახალი საქართველოს 2017 ადგილობრივი არჩევნების შედეგებთან – 18 426 ხმა (1.23%). მიუხედავად იმისა, რომ პარტიის მთავარი წარმატებები რეგიონებს უკავშირდება, ვაშაძის გუნდს მნიშვნელოვნად გაეზარდა მხარდაჭერა თბილისში: 2017 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ 13 350 ხმა აიღო, წელს საპარლამენტოზე კი – 21 671.

პატრიოტთა ალიანსი

პრო-რუსული სიმპათიებით გამორჩეული პატრიოტთა ალიანსი 2016 წლის პარლამენტში 88 097 ხმით (5.01%) შევიდა. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კი პარტიამ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა და 60 519 ხმა (3.14%) მიიღო. მხარდაჭერთა კლება კიდევ უფრო თვალსაჩინოა 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებთან შედარებით, სადაც პარტიამ 98 530 ხმა მოიპოვა.

“გირჩი

2015 წელს დაარსებული ლიბერტარიანული პარტია გირჩი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას პაატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისთვის ფარგლებში იღებდა. მაშინ ბურჭულაძის გარშემო გაერთიანებულმა ძალებმა 60 681 ხმა (3.45%) მიიღეს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ 36 034 ხმა მოიპოვა (2.26%), 2020 წლის არჩევნები კი პარტიისთვის გაცილებით წარმატებული გამოდგა, რამდენადაც პარტიამ 55 625 ხმა (2.89%) შეაგროვა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თბილისში გირჩმა 34 899 ხმით მოულოდნელი მესამე ადგილი დაიკავა, რითაც, ნაციონალური მოძრაობის გარდა, დედაქალაქში ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიას გადაასწრო.

ელისაშვილი – მოქალაქეები

2020 წელს ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილის მიერ დაარსებულმა მოქალაქეებმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 25 535 ხმა (1.33%) მოიპოვა. ეს შედეგი ელისაშვილის მიერ 2017 წლის თბილისის მერის არჩევნებში ნაჩვენებ სენსაციას საგრძნობლად ჩამორჩება. მაშინ დამოუკიდებლად მოასპარეზე ელისაშვილმა 69 803 ხმა (17.48%) აიღო, ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატ ზაალ უდუმაშვილსაც გაასწრო და მხოლოდ ქართული ოცნების მერობის კანდიდატ კახა კალაძეს ჩამორჩა.

ლეიბორისტული პარტია

ლეიბორისტულმა პარტიამ, ერთ-ერთმა უძველესმა პარტიამ მონაწილეთაგან, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 55 208 ხმა (3.14%) მიიღო – გაცილებით მეტი, ვიდრე 2020 წლის 31 ოქტომბერს, როცა პარტია 19 283 ხმით 1%-იან ზღვარს ოდნავ გადასცდა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 59 561 ხმით მეოთხე ადგილი დაიკავა, რითაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი – 46 984 ხმა – გააუმჯობესა.

ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა

16 322 ხმით, რაც საერთო ხმების 0.85%-ს უტოლდება, პარლამენტის ყოფილი თავჯდომარის ნინო ბურჯანაძის პარტიამ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე უარესი შედეგი აჩვენა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ 62 166 ხმა მიიღო (3.53%), 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კი ნინო ბურჯანაძემ 166 061 ხმით (10.19%) სულაც მესამე ადგილი დაიკავა.