რელიგია
დღეიდან, 18 აპრილიდან, სვეტიცხოვლის ტაძარში მირონის ხარშვა დაიწყო, 21 აპრილს კი მისი კურთხევა მოხდება.
წმინდა მირონი სამ დიდ ქვაბში იხარშება – ზეითუნის ზეთში სპეციალური სანელებლები შეაზავეს. მირონის ხარშვა სამ დღე-ღამეს გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში ტაძრის კარი მლოცველებისთვის ღია იქნება.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სასულიერო პირებთან ერთად სპეციალური ლოცვები წაიკითხა. „ფსალმუნში წერია, ნუ შეეხებით ცხებულს ჩემსას. ასე რომ, ეს არის უდიდესი სიწმინდე და ახლა ჩვენ ვიწყებთ ამის კურთხევას“, – აღნიშნა უწმიდესმა.
აღსანიშნავია, რომ მირონი, საჭიროებისამებრ, 15-20 წელიწადში ერთხელ იხარშება. მისი ხარშვის უფლება მხოლოდ ავტოკეფალიის მქონე ეკლესიებს აქვთ.