აქტუალური
როგორ შეძლებენ უცხოეთში მყოფი მოქალაქეები კენჭისყრაში მონაწილეობას - ინსტრუქცია

 საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შექმნა.

ელექტრონული რეესტრის მეშვეობით საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ მოიძიონ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნები, სადაც შეძლებენ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრაში მონაწილეობას. ამისთვის საჭიროა მათ პირადი მონაცემები მითითებულ გვერდზე შეიყვანონ და, ამასთან, უცხოეთში საკონსულოს აღრიცხვაზე იყვნენ.

არჩევნებისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე. აშშ-ში საქართველოს საელჩომ ოფიციალური განცხადება უკვე გაავრცელა.

ვაშინგტონში საარჩევნო უბანი გაიხსნება საელჩოს შენობაში (1824 R Street, NW, Washington DC 20009). საარჩევნო უბნები ასევე გაიხსნება ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო უბნები გაიხსნება 08:00 საათზე და დაიხურება 20:00 საათზე“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მსოფლიოს 38 ქვეყანაში 57 საარჩევნო უბანი გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პროპორციული სისტემით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.

ცესკომ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლის რაოდენობის გათვალისწინებით საარჩევნო უბნების სხვადასხვა ქვეყნებში გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნება საბერძნეთში (5), აშშ-ში (4), უკრაინაში (3), აზერბაიჯანში (3), გერმანიაში (3) და თურქეთში (3).