საზოგადოება
მაუწყებლობის პრიორიტეტებს ამტკიცებენ

ia_antadzeსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (კეკ) დღეს,18 აპრილს, ქართული ტელევიზიების მაუწყებლობის პრიორიტეტებს დაამტკიცებს.

მაუწყებლობის შესახებ კანონის შესაბამისად, მაუწყებლობის პრიორიტეტებს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ამტკიცებს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების ზეპირი მოსმენა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 5 აპრილს გაიმართა. მაუწყებლობის თაობაზე ქვეყნის მასშტაბით 25 სამაუწყებლო ზონაში ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის ანგარიში „ბი-სი-ჯი ჯგუფმა“ წარმოადგინა.

კვლევის თანახმად, დადგინდა, რომ მოსახლეობა უპირატესობას ანიჭებს მუსიკალურ გადაცემებს, რომლებსაც მოსდევს გასართობი გადაცემები და სერიალები. მათ შემდეგ არის მხატვრული ფილმები, იუმორისტული და სპორტული გადაცემები. რეიტინგის ბოლო სამი ადგილი კი საბავშვო, საინფორმაციო და ანალიტიკურ გადაცემებზე გადანაწილდა.

კანონის შესაბამისად, პრიორიტეტები კვლევის შედეგების მოსმენიდან 10 დღის ვადაში უნდა დამტკიცდეს. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტები სწორედ 18 აპრილს გამოცხადდება.

მედიაექსპერტი ია ანთაძე მიიჩნევს, რომ მაუწყებლობის ახალი პრიორიტეტები საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველია.

,,ის პრიორიტეტები, რომლებიც დაადგინა სოციოლოგიურმა კვლევამ და რომელთაც კეკ დაამტკიცებს, არ დაგვეხმარება იმაში, რომ იმაზე მეტი გავიგოთ გარემომცველი გარემოს შესახებ, ვიდრე დღეს ვიცით“, – განაცხადა მან.

ანთაძე მიიჩნევს, რომ უკვე არსებული ლიცენზიები სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე მიმდინარე მოვლენების შესახებ, თუმცა ტელევიზიებში საინფორმაციო გამოშვებების შემდეგ გასართობი გადაცემების გასვლა არ იძლევა საზოგადოების თვითორგანიზების საშუალებას გარკვეული მოვლენის ირგვლივ.

„უკვე გაცემული ლიცენზიები სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე ყველა იმ მოვლენის შესახებ, რომლებიც გვჭირდება ჩვენი თვითორგანიზებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, არსებული ლიცენზიებიც არ იძლევა ამის საშუალებას, რადგან ტელევიზიებში საინფორმაციო გადაცემებთან ერთად გასართობი და მუსიკალური გადაცემები გადის სწორედ იმისათვის, რომ საინფორმაციო გადაცემებით მიწოდებული მასალა არ გახდეს კრიტიკული განსჯის საგანი“, – განაცხადა ანთაძემ.

მისი აზრით, საზოგადოება უნარწართმეულია, იყოს კრიტიკული მიმდინარე მოვლენების მიმართ და ამ რეალობას კიდევ უფრო გაამყარებს ის პრიორიტეტები, რომელთაც კომუნიკაციების კომისია დაამტკიცებს.

როგორც ია ანთაძე ვარაუდობს, მაუწყებლობის დასამტკიცებელი პრიორიტეტების მიმართ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებული პროტესტი საზოგადოების საერთო პროტესტის საგანი არ გახდება.

„ეს გამოიწვევს პროტესტს იმ წრეებში, რომლებიც დღესვე ძალიან კარგად აცნობიერებენ იმას, თუ რისთვის სჭირდება ეს პრიორიტეტები ხელისუფლებას, თუმცა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებული პროტესტი არ მგონია, საზოგადოების საერთო პროტესტში გადაიზარდოს, რადგან ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ მოხდა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი, რომელმაც ვერ მოახერხა ჩვენი თვითორგანიზება. მე არ მგონია, რომ გადაწყვეტილებამ რაიმე სერიოზული პროტესტი გამოიწვიოს“, – აღნიშნა ანთაძემ.