უცხოეთი
რუსეთში ახალი ანტიკორონავირუსული პრეპარატის წარმოება დაიწყო

 საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. პრეპარატის მასობრივი მიწოდება ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისისთვის იგეგმება, სამოქალაქო ბრუნვაში კი, სავარაუდოდ, 1 იანვრიდან გავა.

რუსეთში კორონავირუსის ვაქცინა „ეპივაკკორონას“ წარმოება დაიწყო, იუწყება საინფორმაციო საგენტო РИА Новости „როსპოტრებნადზორზე“ დაყრდნობით.

COVID-19-ის წინააღმდეგ რუსეთში შექმნილი მეორე პრეპარატის რეგისტრაციის შესახებ ცნობილი ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეპარატ „ეპივაკკორონის“ პოსტრეგისტრაციული კვლევები უახლოეს ხანებში დაიწყება და მასში 40 ათასი მოხალისე მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის 60 წელს გადაცილებული ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ. ვაქცინა კუნთებში ორჯერ გაკეთდება 14–21 დღიანი ინტერვალით და თითოეული ინექციის რაოდენობა 0,5 მილილიტრი იქნება.

მასობრივი მიწოდება ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისისთვის იგეგმება. სამოქალაქო ბრუნვაში პრეპარატი, სავარაუდოდ, 1 იანვრიდან გავა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი რუსული ვაქცინა გახდა პრეპარატი სახელწოდებით „სპუტნიკ-V“, რომელიც გამალეს ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ კვლევით ცენტრში შეიქმნა. ის აგვისტოს დასაწყისში დარეგისტრირდა.

ამასთან ამ დროისათვის ჩუმაკოვის იმუნობიოლოგიური პრეპარატების შექმნისა და კვლევების ცენტრში მიმდინარეობს მუშაობა ცოცხალი ვაქცინის შემუშავებაზე.

sputnik-georgia.com