უცხოეთი
ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი მზად არის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შეათანხმოს

 საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო მზად არის მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შეათანხმოს.

„დიახ, მზად ვართ. მე ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს. ჩვენ მზად ვართ დღეს შევათანხმოთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, მაგრამ, ამავდროულად, სომხეთმა, მისმა პრემიერ-მინისტრმა უნდა განაცხადოს, რომ ემხრობიან პრინციპებს, რომლებიც შეიმუშავეს აშშ-მა, რუსეთმა და საფრანგეთმა“ , - განაცხადა ალიევმა „ფოქსნიუსთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, ბაქოს სურს გადავიდეს მოლაპარაკებებზე, მაგრამ სომხური მხრიდან მოდის სიგნალები, რომ კონფლიქტი დიპლომატიური გზით ვერ მოგვარდება.

„ჩვენ გვინდა, რომ სამხედრო გზა შეჩერდეს და გადავინაცვლოთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან. სამხედრო ფაქტორს დიდ დანაკარგებთან და მსხვერპლთან მივყავართ. ამიტომ, რაც მალე დავიწყებთ სუბსტანციურ მოლაპარაკებებს, მით სწრაფად მოინახება კონფლიქტის დარეგულირების გზები. კონფლიქტის მოგვარება ეფუძნება აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა ალიევმა.

interpressnews.ge