სამართალი
ქართული ოცნების ინფორმაციით, დმანისში პარტიის ოფისთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს

 საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დმანისში, ქართული ოცნების ოფისთან მომხდარი ინციდენტის დროს 4 პირი დაშავდა. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ისროლეს და „არიან დაჭრილებიც“.

„დმანისში დღეს იყო საკმაოდ მძიმე ინციდენტი, მძიმე პროვოკაცია, ჩვენი პარტიის ოფისთან“, – თქვა კობახიძემ და დაამატა, რომ ასეთ შემთხვევებში არ შეიძლება „სანქცია რაიმე ფორმით შერბილდეს“ და „ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ პასუხისმგებლობა უნდა იყოს უმკაცრესი“.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მომხდარს დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქში საარჩევნო ბლოკ ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ „საკუთარი პარტიის სამი წევრი“ ქართული ოცნების აქტივისტმა, ზურა ოკმელაშვილმა დაჭრა, რომელიც ნასვამი იყო.

ოქრიაშვილის მტკიცებით, ოკმელაშვილი იმ „ბანდიტური დაჯგუფების ხელმძღვანელია“, რომელიც 19 ოქტომბერს ბოლნისში მის აქტივისტებსა და მხარდამჭერებს დაესხა თავს.