საქინფორმის მთავარი რედაქტორის საექსპერტო ანალიზი, იქნება ეს რუსეთ–საქართველოს ურთიერთობები, თუ სამხრეთ კავკასიის მოვლენები, ადრე თუ გვიან, მართლდება. ეს არის ობიექტური ხედვა შიგნიდან, პროფესიონალი პოლიტოლოგის ხედვა, რომელიც არ არის შეპყრობილი ფობიებით, არ ასოცირდება რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან და არ არის ანგაჟირებული რაიმე გარე ძალის მიერ.
დღეს ჩვენ კვლავ ვეკითხებით არნო ხიდირბეგიშვილს მთიანი ყარაბაღის სამხედრო კონფლიქტის შესახებ, თუმცა საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მოშორებით მდებარე ტერიტორიებზეც. იმიტომ, რომ მეზობლებთან ომი მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის, საპარლამენტო არჩევნებსა და კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქებასთან ერთად:
– როგორც კი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოსკოვში, თქვენ ქართულ და უცხოურ მედიაში განაცხადეთ, რომ ის იმავე დღეს დაირღვევა, რაც მოხდა კიდეც. რის საფუძველზე გააკეთეთ მორიგი ზუსტი პროგნოზი? მაშინ გთხოვთ, ისიც გაგვიზიაროთ - როდის და როგორ დასრულდება ეს ომი?
- როდის და როგორ დასრულდებოდა ეს ომი, გადაიზრდება ის თუ არა მეცამეტე რუსულ-თურქულ ან მეორე კავკასიურ ომში, აქამდე მარტო მოსკოვზე იყო დამოკიდებული - ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების გასაღები კრემლში იმტვერებოდა მისი დაწყებიდან 28 წლის განმავლობაში. მაგრამ დღეს დიდმა ჩრდილოელმა მეზობელმა აჩვენა, რომ მისი გავლენა სამხრეთ კავკასიაში არ სცილდება გიუმრისა და ერევნის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხედრო ბაზების პერიმეტრს. ამრიგად, რუსეთის ფედერაცია, რომელიც ყოველთვის აცხადებდა კავკასიას თავისი ეროვნული ინტერესების ზონად, დღეს აქ სტუმარია. სამხრეთელი მეზობლის – აზერბაიჯანისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთისგან განსხვავებით, რომელიც წყვეტს ომსა და მშვიდობის საკითხებს კავკასიაში და დემონსტრაციულად უგულებელყოფს აშშ–ის, რუსეთისა და საფრანგეთის უკმაყოფილებას. ამრიგად, დღეს თურქეთი გახდა სამხრეთ კავკასიის მეოთხე, თანაც - მთავარი ქვეყანა!
ისტორია მეორდება - რუსეთმა ხან გამოჰგლეჯდა კავკასიას თურქეთს, და ყოველ ჯერზე უტოვებდა საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიის ნაწილს, ხანაც კავკასიას ტოვებდა ... კორონავირუსი, ეკონომიკური პრობლემები ან სამწუხარო გამოცდილება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - არ ვიცი ყველა მიზეზი, მაგრამ დღეს რუსეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ კავკასიის მართვის უნარი არ შესწევს და კვლავ დაუთმო ის თურქეთს. რა ბედი ელის საქართველოს ამის შედეგად? თუ ისტორიის მიხედვით ვიმსჯელებთ, ტრაგიკული - ომი, ქართველების ხოცვა, შიმშილი, ინტერვენცია და სრული ოკუპაცია...
რაც შეეხება იმას, თუ საიდან ვიცოდი, რომ მოსკოვში ხელმწერილი ზავი ფიქცია იქნებოდა. არსაიდან! უბრალოდ, ქართველი უკეთესად იცნობს კავკასიელ ხალხებს, ვიდრე გარე დამკვირვებლები, და როგორც ქართველს, შემიძლია ერთსა და იმავე მოვლენებს როგორც სომხის, ისე აზერბაიჯანელის თვალით შევხედო. ამიტომ, ყოველთვის ვიცი, რას ვიზამდი, მათ ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ანუ როგორ მოიქცევიან ისინი. შეუძლებელია ეს უცხოელს ასწავლო, ეს სუბიექტური სუბსტანციაა, აქ საქმე მენტალიტეტშია, ტრადიციულ ქართულ ფასეულობებში, რომლებიც განსხვავდება ჩვენი უახლოესი მეზობლების - რუსების და თურქების ადათ-წესებისაგან, დასავლურ ფასეულობებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
- უკაცრავად, მაგრამ მაინც არ მჯერა, რომ რუსეთმა თურქეთის წინაშე უკან დაიხია! რომ შეუძლია ხელი შეუწყოს ომის შეწყვეტას, მაგრამ ამას არ ან ვერ აკეთებს… რუსეთი შეასრულებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელსეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და დაიცავს სომხეთს, თუ ომი სომხეთის ტერიტორიის შეეხება, ხომ ასეა? დიახ, სომხეთი ბომბავს აზერბაიჯანს, მაგრამ რუსეთი არ იცავს აზერბაიჯანს, რომელიც არ არის ОДКБ– ს წევრი. რუსეთმა არ აღიარა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, სომხეთის მსგავსად, ამიტომაც არც დაიცავს მას. ხოლო თუ სომხეთისა და აზერბაიჯანისგან მანდატს მიიღებს, მაშინ იქ რუს სამშვიდობოებს შეიყვანს. კიდევ რა უნდა ქნას რუსეთმა, მაგრამ არ აკეთებს?
- ”სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხები ჩვენთვის უცხო არ არიან, ჩვენი მეგობარი ხალხებია, ჩვენ პატივს ვცემთ მილიონობით სომეხსა და აზერბაიჯანელს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში!”, ”ქართველი ხალხი ჩვენთვის ახლობელი ხალხია, რომელიც ჩვენ გვიყვარს!”, - ეს არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდეენტის ვ. პუტინის ფრაზები. მაგრამ როდესაც ახლობელები და მეგობრები ერთმანეთს ხოცავენ, განა საჭიროა მანდატი ჩასარევად?! განა ყარაბაღი სირიაა და აუცილებელია ასადისგან მოწვევა?! ხომ უნდა არსებობდეს განსხვავება რუსეთის არმიასა და ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიის შორის?! მაშ ვისგან მიიღო რუსეთმა მოწვევა 2008 წლის აგვისტოში, როცა ოსებს ქართველებისგან იცავდა? ნუთუ მართლა თავად სააკაშვილისგან, როგორც ეს ყველას სჯერა საქართველოში?! ხოლო თუ ის იცავდა მხოლოდ თავის სამშვიდობოებს, რაში დასჭირდა თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარება?! სერბეთი და უკრაინა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, სირია და ყარაბაღი - ხომ უნდა არსებობდეს ერთიანი სტანდარტი?! სააკაშვილი რომ წათრეულიყო - ჩვენ შევრიგდებოდით და უწინდელზე უკეთ ვიცხოვრებდით, ახლა კი როგორ გადავაბიჯოთ ამ "დამოუკიდებლობას"?!
- ეს სრულიად ახალი ხედვაა, ბატონო არნო! პირველად მესმის ეს სიმართლე, ადრე არავისგან გამიგია...
- აგიხსნით, თუ რაშია საქმე. მოსკოვში დიდი ხანია ჩამოყალიბდა მცდარი აზრი იმის შესახებ, რომ კავკასიაში კონფლიქტების მოგვარების საუკეთესო გზა არის მათი ”გაყინვა”. აქაოდა, დრო მკურნალიაო, შეეგუებიან. მოსკოვი უდავოდ ნანობს, რომ 2008 წელს სააკაშვილის პროვოკაციას წამოეგო და ქართულ-ოსური კონფლიქტი „გაალღო“. შეიძლება სხვა ადგილას ასეა, მაგრამ სამხრეთ კავკასიაში ”გაყინული” კონფლიქტების ფორმულა არ მუშაობს, რისი მაგალითიც აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და ყარაბაღია. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიციის წყალობით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები ჯერ არ "გამლღვარა“, ყარაბაღის კონფლიქტისგან განსხვავებით.
ეთნიკური კონფლიქტები კავკასიაში კი არ უნდა გაიყინოს, არამედ უნდა მოგვარდეს - გულმოდგინედ უნდა ჩავუღრმავდეთ ყველა დეტალს, გადავწყვიტოთ ადგილზე, გადაწყვიტონ სანდო, ყველა მხარითვის მისაღებმა ადამიანებმა, რომლებიც ამ უფლებას თავიანთი განვლილი ცხოვრებითა და საქმიანობით იმსახურებენ! რუსეთი აზერბაიჯანს ამ კონფლიქტის მოგვარებას ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰპირდებოდა, მაგრამ „რატომღაც ვერ მოიცალა”... ბაქო კი მოთმინებით ელოდა, რადგან აქ საქმე მხოლოდ ავლაბრისხელა ყარაბაღს კი არ ეხება, არამედ "ყარაბაღის არმიის" მიერ აზერბაიჯანის 7 ოკუპირებულ რაიონს. და რა მოგვცა "გაყინულმა" ათწლეულებმა?! სრულებით არაფერი! ორმხრივი წყენა, როგორც იყო, ისევე დარჩა, აზერბაიჯანელები იოტისოდენადაც არ შეეგუენ ტერიტორიების დაკარგვას და შეიარაღდნენ, ხოლო სომხებმა, რუსეთის იმედით, უდარდელად შიდა გარჩევებით იყვნენ დაკავებულნი... შედეგები, როგორც დღეს ვხედავთ, ტრაგიკულია.
12 წლის განმავლობაში საქართველოში იგივე ხდება - „ბოერდერიზაცია“ და გლეხების დაკავება, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ თავიანთ კუთვნილ ბოსტანში შებორიალდნენ... ქართველები, აფხაზები და ოსები, როგორც იყვნენ უბრად, ისევე დარჩნენ, ლტოლვილები ისე იხოცებიან, რომ მშობლიურ სახლებსა და საფლავებს ვერ ნახულობენ. ხოლო ახალგაზრდა თაობა არ იცნობს ერთმანეთს და გაიზარდა ერთმანეთისადმი სიძულვილის კომპლექსით! ეს გასაკვირი არ არის, რადგან კავკასიელისთვის მკვლელზე უარესია ის, ვინც მშობლების საფლავის მონახულების, მშობლიური კერის კედლებისთვის კოცნის საშუალებას არ აძლევს! ამ ტკივილით ცხოვრება აუტანელია, ჩვენი დასავლელი მეგობრები ამას ვერ გაიგებენ, ქართველების ადგილას თავს ვერ წარმოიდგენენ...
- და მაინც, როგორ უნდა დაეხმარა რუსეთი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში?
- აქამდე რუსეთი ყოველთვის იყო ურთიერთმისაღები არბიტრი სომხეთისთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც, თუმცა ფორმალურად ის ისევეა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, როგორც აშშ და საფრანგეთი. ბოლო ომმა დაამტკიცა, რომ აშშ და საფრანგეთი არ ჩაერევიან კავკასიის მოვლენებში, რაც მათთვის დელიკატური და არამომგებიანი საქმეა. შეიძლება თუ არა თურქეთის ჩარევა ნატოს ჩარევად ჩაითვალოს? არა, მიუხედავად იმისა, რომ ის ალიანსის წევრია. ამიტომ, რუსეთს დიდი ხნის წინ შეეძლო დაეწყო მშვიდობის დამყარების რთული პროცესი, გამხდარიყო მისი გარანტი, იგივე ითქმის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. სინამდვილეში, ამაზე ლაპარაკობს ალიევი დღეს - სომხებისა და აზერბაიჯანელების მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფაზე, მე დავამატებ - ქართველებისა და აფხაზების, ქართველებისა და ოსების.
”ჩვენ არ შეგვიცვლია დამოკიდებულება ყარაბაღში მცხოვრები სომხებისადმი. აზერბაიჯანი მრავალეროვანი ქვეყანაა, ათასობით სომეხი ცხოვრობს ბაქოსა და აზერბაიჯანის სხვა კუთხეებში. ისინი ჩვენი მოქალაქეებიც არიან, ეს ძალას გვმატებს. დაე, ნუ იღელვებენ, ისინი უკეთესად, უფრო უსაფრთხოდ იცხოვრებენ. ჩვენ იქ შევქმნით ინფრასტრუქტურას, სამუშაო ადგილებს ... ჩვენ არ ვართ სომეხი ხალხის მტრები, ნებისმიერი ომი მშვიდობით მთავრდება”, - განაცხადა ალიევმა თურქულ HaberTurk ტელეარხთან ინტერვიუში.
- არაჩვეულებრივი სიტყვებია! ოღონდ შეძლებდა კი რუსეთი სამშვიდობო მისიის ყოველდღიურად შესრულებას, რადგან იქ საქმე ეხება არა მხარეების გაშველებას, არა სამხედრო, არამედ პოლიციის ფუნქციას?
- Step by step, განა არსებობს სხვა ალტერნატივა?! ომის ყოველი დღე, მშვიდობიანი მოსახლეობის ყოველი მსხვერპლი ზრდის უფსკრულs სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის, აღვივებს სიძულვილსა და შურისძიების წყურვილს, რაც მშვიდობას სულ უფრო და უფრო აშორებს! არ შეიძლება ერთი მხრივ გქონდეს იმპერიული ამბიციები, მეორეს მხრივ კი - იზარმაცო! თანამედროვე რუსი ჩინოვნიკი ზარმაცია, მეფის ჩინოვნიკისგან განსხვავებით, რომელმაც მთელი კავკასია რუქებსა და აღწერებში დოკუმენტურად მოაქცია. თანაც, კორონავირუსმა იფეთქა - ჩვენთვის ვის სცხელა?! საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ პანდემიის შემდეგ გაიხსენებენ, როდესაც დასასვენებლად გაემგზავრებიან, ანუ არც თუ ახლო მომავალში...
შედეგად, რუსეთი ყარაბაღში ომის ყოველ დღეს უფრო მეტს კარგავს, ვიდრე სომხეთი და აზერბაიჯანი - კარგავს მთელ სამხრეთ კავკასიას! საბოლოოდ, სომხები და აზერბაიჯანელები ბოლოსდაბოლოს შერიგდებიან, ისევე როგორც ქართველები - აფხაზებთან და ოსებთან, აი რუსეთი კი განზე დარჩება! რუსეთის უმოქმედობამ დღეს შედეგად გამოიღო ის, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ოფიციალურად ცნო თურქეთი სამხრეთ კავკასიის მთავარ არბიტრად! ”ბოლო წლების ისტორიამ აჩვენა, რომ თურქეთის გარეშე რეგიონში არცერთი საკითხიარ წყდება, ამიტომ ბაქო ღიად გამოხატავს თავის პოზიციას კონფლიქტის მოგვარებაში მის ჩართვასთან დაკავშირებით. თურქეთის მონაწილეობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მნიშვნელოვნად დააჩქარებს მის დასრულებას", - განაცხადა ილჰამ ალიევმა თურქულ ტელეარხ NTV- სთვის მიცემულ ინტერვიუში. სხვათა შორის, აზერბაიჯანის მთავარი იარაღი სამხედრო ტექნიკა კი არა, პრეზიდენტი ალიევია - ძალიან ძლიერი პოლიტიკოსი, რომლის ბადალსაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ვერ დავასახელებ.
ესაუბრა მაია ჯავახიშვილი, საქინფორმი
2020 წლის 20 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი