სამართალი
ამირან გამყრელიძე - მასშტაბური შეზღუდვები თბილისში არ იქნება

 საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შემზღუდველი ღონისძიებების დაწესება არ იგეგმება, არამედ საუბარია ე.წ. წერტილოვან შეზღუდვებზე.

ხშირად კითხულობენ, შემზღუდველი ღონისძიებების მთელი ქვეყნის მასშტაბით ან სხვადასხვა რეგიონში დაწესების შესახებ, რამდენჯერმე მოგახსენეთ მოსაზრება. ზოგადად, გლობალური პოლიტიკაა, რომ განსხვავებით გაზაფხულისა, ახლა უკვე ძლიერ, ე.წ. ლოკდაუნებზე და ძლიერ, მკაცრ შემზღუდველ ღონისძიებებზე ნაკლებად მიდიან ქვეყნები. უფრო ე.წ. წერტილოვან შეზღუდვებზეა ლაპარაკი. მაგალითად, სკოლაში, როცა გვაქვს ინფიცირების შემთხვევები, არ იკეტება მთლიანად სკოლა. თუ საჭიროა, იკეტება კლასი, ხდება ბავშვების თვითიზოლაციაში გადასვლა. თუ მასწავლებელს აქვს, შესაბამისად, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდა, ხდება მისი თვითიზოლაციაში გადასვლა და შემდგომ 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების დაკვირვება. ანუ, ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით განიხილება ეს საკითხი. თუ საჭიროა, სკოლა ან კლასი გადადის დისტანციურ სწავლებაზე. ასე იქნება ბაღებთან და სხვა დაწესებულებებთან მიმართებაში, რადგან პანდემია არ დასრულდება კიდევ კარგა ხანს და ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება დედაქალაქს, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თბილისში მასშტაბური შეზღუდვები არ იქნება.

ჩვენი რეკომენდაცია, რაზეც შევთანხმდით, არის ის, რომ დიდი, მასშტაბური შეზღუდვები არ იქნება თბილისში. იქნება მხოლოდ წერტილოვანი, ვთქვათ რომელიღაც სამედიცინო დაწესებულებაში. მათ შორის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც გაიზიარა საბჭომ, რომ სამედიცინო პერსონალი, განსაკუთრებით სასწრაფოების, საგანგებო დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალი, რომელსაც გადაჰყავს კოვიდავადმყოფები და ახდენენ მათ მობილიზებას საავადმყოფოებში, გადადიან 72-საათიან ტესტირებაზე. ანუ, აქამდე თუ გვქონდა შვიდი და ორკვირიანი ტესტირებები, ახლა გადაგვყავს 72-საათიანზე. მალე დაიწყება მასწავლებლების ე.წ. რანდომული ტესტირება. ასევე, არ ხდება სკოლის სრული იზოლირება. თუ ერთი ბავშვი დაინფიცირდა, ამ შემთხვევაში კლასი გადადის ონლაინ სწავლებაზე და მასთან შეხებაში მყოფი ბავშვები თუ მასწავლებლები გადადიან თვითიზოლაციაში. თბილისის მასშტაბით განხორციელდება ასეთი წერტილოვანი შეზღუდვები, არა მარტო სკოლებში, არამედ დიდ დაწესებულებებში“, – განაცხადა გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.