რუსეთმა სომხეთსა და აზერბაიჯანს ომობანას სათამაშოდ ორი კვირა მისცა - საკმარისი დრო იმისათვის, რომ აზერბაიჯანი დარწმუნდეს, რომ თანამედროვე უპილოტო თვითმფრინავებისა და თურქეთის დახმარების მიუხედავად, მას არ შეუძლია ყარაბაღის აღება. საკმარისი დრო, რათა სომხეთი დარწმუნდეს, რომ რუსეთის გარდა, მას არავინ დაეხმარება, საფრანგეთში და აშშ–ში მძლავრი სომხური დიასპორების მიუხედავად. საკმარისი დრო, რათა მთელი მსოფლიო და საქართველო დარწმუნდეს, რომ რუსეთი და არა თურქეთი კვლავ სამხრეთ კავკასიის მეპატრონეა, ამიტომ რეგიონში ომისა და მშვიდობის საკითხები წყდება არა ვაშინგტონში და პარიზში, არა ანკარასა ან თბილისში, არამედ მოსკოვში.
ყარაბაღის ომის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში გამოიძახა - აქაოდა, ომით გული იჯერეთ და გეყოთ - ახლა მოუსვით ლავროვთან, მოლაპარაკებების მაგიდასთან! მნაცაკანიანმა და ბაირამოვმა არ დაახანეს – მეორე დღესვე ჩავიდნენ, შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, ტყვეთა და მოკლულთა გაცვლაზე, ხოლო მომავალში - ”სუბსტანციური მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ყარაბაღში ვითარების მშვიდობიანი მოგვარების მიღწევას”. სუბსტანციური - ე.ი. პირდაპირი, სომხურ-აზერბაიჯანული, თურქეთისგან დამოუკიდებელი.
ვისთვისაც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის დომინანტური როლი ეჭვს მაინც იწვევს, ერთობლივი განცხადების მე -4 პუნქტში ხაზგასმულია - ”მხარეები ადასტურებენ მოლაპარაკებების პროცესის ფორმატის უცვლელობას” - და აღნიშნულია, რომ დოკუმენტი მიღებული იქნა "რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართვის პასუხად, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოთა მეთაურების შეთანხმებების შესაბამისად". ამრიგად, დეზავუირებული იქნა ალიევისა და ერდოღანის განცხადებები ყარაბაღის ორკვირიანი ომის განმავლობაში - "არავითარი მოლაპარაკებები! ომი გამარჯვებამდე! ” - და ერდოღანის მუქარა რუსეთს, საფრანგეთსა და აშშ-ს მისამართით: ”ნუ ჩააყოფენ ცხვირს სხვის საქმეებში!“, „მაკრონო, წადი იმკურნალე!” და ა.შ.
ფაქტია, რომ აზერბაიჯანი ვერ ჩაეტია რუსეთის მიერ მიცემულ ირკვირიან ვადაში - ბლიცკრიგი ჩაიშალა და ომის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს რუსეთი, რომელიც, მიუხედავად ამისა, ორივე მხარეს საშუალებას მისცემს „სახე შეინარჩუნონ“ და კონფლიქტი პირშეურცხვენლად დაასრულონ. სომხეთს მოუწევს კომპრომისზე წასვლა და 7 ოკუპირებული რაიონიდან 5-ის აზერბაიჯანისთვის ეტაპობრივად დაბრუნება ამ უკანასკნელის მიერ საომარი მოქმედებების შეწყვეტის სანაცვლოდ. სწორედ ეს გახდება სუბსტანციური მოლაპარაკებების საგანი.
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2020 წლის 12 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი