სამართალი
შსს-მ ქართული ოცნების წევრის ცემის ფაქტზე 4 პირი დააკავა

 საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს 7 ოქტომბრის განცხადებით, უწყების თანამშრომლებმა პარტია ქართული ოცნების წევრისა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის, თემურ შუბითიძის „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით“ 4 პირი დააკავეს. მათგან 3 წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.

უწყების ცნობით, 30 სექტემბერს, თემურ შუბითიძეს ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე ავტომობილით გადაადგილებისას, ბრალდებულები უკანა მხრიდან ავტომანქანით „მიზანმიმართულად“ შეეჯახნენ, „ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“.

შსს-ს განცხადებით, დაზარალებულს საავადმყოფოში სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტული მოტეხილობა დაუდგინდა და მას „გადაუდებელი, სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია“ ჩაუტარდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.