აქტუალური
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ენმ-ძალა ერთობაშიას კანდიდატების შემოწირულებებსა და ბიზნესსაქმიანობაზე

 საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ“ (TIG) 3 ოქტომბერს საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ოპოზიციური გაერთიანება – ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობისა და პოლიტიკური შემოწირულებების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 25-დან 16 კანდიდატი სხვადასხვა სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და სხვადასხვა ფორმით 113 კომპანიასთანაა დაკავშირებული.

ოპოზიციურ ბლოკში ხუთი პარტია შედის. ესენია: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, პროგრესი და თავისუფლება, სახელმწიფო ხალხისთვის, რესპუბლიკური პარტია და ევროპელი დემოკრატები. რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, მათგან 20 ნაციონალური მოძრაობიდანაა, 4 – პროგრესი და თავისუფლებიდან, 1 კი – პარტიიდან სახელმწიფო ხალხისთვის.

კვლევის თანახმად, 113 კომპანიიდან, 56 პროგრესი და თავისუფლების მაჟორიტარობის 2 კანდიდატთან – კახაბერ ოქრიაშვილთან და ცეზარ ჩოჩელთან არის დაკავშირებული.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მაჟორიტარობის 7 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ისტორია აქვთ. აქედან 2 კანდიდატთან (კახაბერ ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი) დაკავშირებულმა კომპანიებმა 2011-2020 წლებში ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვების გზით ბიუჯეტიდან 95.5 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. დანარჩენ 5 კანდიდატთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი – 186 711 ლარი.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ 25-დან 17 კანდიდატს, მათ ოჯახის წევრებს და ბიზნესპარტნიორებს 2012-2020 წლებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის 621 987 ლარი აქვთ შეწირული, საიდანაც 285 302 ლარი 12 კანდიდატის პირადი შემოწირულებაა.

ორგანიზაციის თქმით, პარტიის 5 ყველაზე მსხვილი შემომწირველია (ოჯახისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით):

ცეზარ ჩოჩელი – 134 000 ლარი – მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში იყრის კენჭს;

კახაბერ ოქრიაშვილი – 90 000 ლარი – ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტები;

დავით კირკიტაძე – 77 000 ლარი – რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი;

ნანუკა ჟორჟოლიანი – 62 500 ლარი – სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის და ხონის მუნიციპალიტეტები;

ხატია დეკანოიძე – 52 000 ლარი – თბილისის ისნის ოლქი.

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთი კანდიდატი ბონდო თევდორაძე არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მას არც პოლიტიკური შემოწირულება განუხორციელებია.

ორგანიზაციამ გაერთიანებული ოპოზიციის ის კანდიდატებიც დაასახელა, რომელთაც 2012-2020 წლებში, პირადად ან მათმა გარემოცვამ შემოწირულება სხვა პარტიებისთვის, მათ შორის, ქართული ოცნებისთვი გაიღეს.

კვლევის თანახმად, 8 კანდიდატი (პირადად ან მათი გარემოცვა) სხვა პარტიის შემომწირველიცაა: ქართული ოცნება“ – 757 780 ლარი (კახაბერ ოქრიაშვილი – 388 000 ლარი, როლანდ ფიფია – 175 000 ლარი, ცეზარ ჩოჩელი – 69 780 ლარი, დილარ ხაბულიანი – 65,000 ლარი, მანუჩარ კვირკველია – 60 000 ლარი); ცეზარ ჩოჩელი (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 145 000 ლარი (კახაბერ ოქრიაშვილი – 85,000 ლარი, ცეზარ ჩოჩელი – 60,000 ლარი); პატრიოტთა ალიანსი – 113 500 ლარი (ნატო ჩხეიძე); სახელმწიფო ხალხისთვის – 2 398 ლარი (ლევან ხაბეიშვილი – 1 898 ლარი, ნატო ჩხეიძე – 500 ლარი); ევროპული საქართველო – 2 000 ლარი (ვაჟა ჩიტაშვილი).

ორგანიზაციამ იმ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების 2019-2020 წლების ქონების დეკლარაციებიც შეისწავლა, რომლებიც მოქმედი ან ყოფილი საჯარო მოხელეები არიან, კვლევის თანახმად, ნატო ჩხეიძემ 2019 წელს შევსებულ დეკლარაციაში სრულად და სწორად არ ასახა მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული კომპანიები.

ორგანიზაციამ მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ კვლევა უკვე გამოაქვეყნა. „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ აღნიშნა, რომ მომდევნო ანგარიშებში სხვა პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და შემოწირულებები აისახება.