სამართალი
რუსულმა სასამართლომ აფხაზეთის „პრეზიდენტის“ თანაშემწეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

 საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. აფხაზური მედიის ცნობით, სოჭის სასამართლომ ოკუპირებული რეგიონის „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას თანაშემწეს, ახრა ავიძბას, რომელსაც ფსოუს გამშვები პუნქტის ჭიშკრის შენგრევა ედება ბრალად, 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, რომ 7 აგვისტოს ავიძბამ საკუთარი Toyota Land Cruiser 200-ის ტიპის ავტომობილით ფსოუს გამშვები პუნქტის ჭიშკარი შეანგრია და აფხაზეთში ძალით მას შემდეგ შევიდა, რაც სხვადასხვა სახის გადასახადებისა და საგზაო ჯარიმების გადაუხდელობის გამო მას რუსეთის დატოვების უფლება არ მისცეს. რუსეთში ავიძბას წინააღმდეგ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322.1 მუხლით საქმეა აღძრული, რაც რუსეთის ფედერაციის საზღვრის უკანონო გადაკვეთას გულისხმობს და ისჯება 200 000 რუბლის ოდენობის ჯარიმით, ორ წლამდე ვადით იძულებითი შრომით ან ორ წლამდე პატიმრობით.

გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის „უშიშროების საბჭოს“ უფროსმა სერგეი შამბამ მედიასთან საუბარში თქვა, რომ რუსულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ავიძბას „დიპლომატიური სტატუსი“ აქვს.

სოჭში დაბადებული 34 წლის ეთნიკური აფხაზი ახრა ავიძბა 2014 წელს დონეცკში „ადგილობრივ მეამბოხეებთან“ ერთად, უკრაინული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა. მას მეტსახელად „აფხაზი“ შეარქვეს. ასლან ბჟანიამ ავიძბა თავის თანაშემწედ 11 ივნისს დანიშნა.