აქტუალური
გალის მკვიდრის მიერ დროშის დაწვას აფხაზეთში სოციალური მედიის მომხმარებელთა შეშფოთება მოჰყვა

 საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, გალის რაიონის მკვიდრმა, ეთნიკურმა ქართველმა 30 სექტემბერს „აფხაზეთის დროშა“ იმ დროს დაწვა, როდესაც ოკუპირებულ რეგიონში „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე“ აღინიშნებოდა.

ვიდეოში, რომელიც მოგვიანებით რეგიონის სოციალური მედიის მომხმარებლებმა გააზიარეს, ახალგაზრდა მამაკაცი მათ, ვისაც თავისი საქციელით აწყენინა, ბოდიშს უხდის. მან საკუთარი ქმედება იმით ახსნა, რომ სურს, აფხაზები და ქართველები ერთად თანაცხოვრობდნენ.

ეს განზრახ გავაკეთე, რადგანაც არ მინდა [აფხაზები და ქართველები] დაყოფილები ვიყოთ. არც დროშის, არც აფხაზეთის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. პირიქით, მე მინდა, რომ კვლავინდებურად ძმები ვიყოთ“, – თქვა მან ვიდეოში.

აფხაზეთის Facebook-ის მომხმარებლებმა დროშის დაწვის ფაქტი დაგმეს. ზოგმა ახალგაზრდა მამაკაცის რეგიონიდან გაძევება, ზოგმა კი – მისი მოკვლაც მოითხოვა.

1993 წლის 30 სექტემბერს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, 13-თვიანი შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, აფხაზეთი დატოვეს. ოკუპირებული აფხაზეთი 30 სექტემბერს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის“ დღეს აღნიშნავს.

მიუხედავად ოკუპირებული რეგიონიდან 300 000 ადგილობრივის გაძევებისა, რომელთა დიდი ნაწილიც ეთნიკურად ქართველები იყვნენ, აფხაზეთში მცხოვრები ქართველები კვლავ რეგიონის მეორე უმსხვილესი ეთნიკური ჯგუფია. სოხუმის სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წლის იანვრის მდგომარეობით, ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა 245 424-ია, მათი 51% კი (125 974) სწორედ ეთნიკური აფხაზია, მას 19%-ით (46 905) ქართველები (მათ შორის 3 259 მცხოვრები, რომლებიც სოხუმს „მეგრელებად“ ჰყავს ჩაწერილი), 17%-ით (41 870) სომხები, 9%-ით (22 468) კი – რუსები მოსდევენ. გალის რაიონში 30 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკური ქართველია. თბილისის ცენტრალურმა ხელისუფლებამ უკვე არაერთხელ მიუთითა გალში უფლებების დარღვევებზე, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილებისა და ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლებების შეზღუდვაზე.