რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე

ilia2-2სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზში (ჩრდილოეთ ოსეთი). საერთოდ, კათოლიკოს-პატრიარქის მშობლები და მათი წინაპრები საქართველოში, ყაზბეგის რაიონში ცხოვრობდნენ. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ქ. ვლადიკავკაზშიც; სწორედ აქ დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი, რომელსაც მეფე ერეკლე II პატივსაცემად ირაკლი უწოდეს.

1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა დაამთავრა სკოლა და ჩააბარა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში.

1957 წელს იგი, სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა და წმ. ილია წინასწარმეტყველის პატივსაცემად ილია ეწოდა. მალე მას ხელი დაასხეს იეროდიაკვნად, 1959 წელს კი – მღვდელ-მონოზვნად.

მღვდელ-მონოზონმა ილიამ 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით. მას სთხოვეს, გაეგრძელებინა სამეცნიერო მოღვაწეობა, მაგრამ საქართველოში სასულიერო კადრების სიმცირის გამო სამშობლოში დაბრუნდა და დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად. ერთგული მოღვაწეობისათვის იგი 1961 წელს აღყვანილ იქნა იღუმენის, შემდეგ კი არქიმანდრიტის ხარისხში; ხოლო 1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ეფრემ II მიერ ხელდასხმულ იქნა შემოქმედის ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1963 წლიდან 1972 წლამდე იგი იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის – იმ დროისათვის საქართველოში ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის – პირველი რექტორი.

1967 წელს ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში, სადაც 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 1977 წლის 23 დეკემბერს იგი არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს ეწოდა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინათ – 390-400 წლებში).

მისი აღსაყდრებიდანვე სულ სხვა ცხოვრება დაიწყო საქართველოს ეკლესიაში, გამრავლდა მრევლი, განმტკიცდა ურთიერთობა სხვა ეკლესიებთან.

1978-1983 წლებში კათოლიკოს-პატრიარქი ილია II არჩეულ იქნა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტად.

1988 წელს უწმიდესისა და უნეტარესის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები; გიმნაზიები, სემინარიები, სასულიერო აკადემიები (თბილისსა და ქუთაისში) და ინსტიტუტები; აღდგა გელათის მეცნიერებათა აკადემია; ახლახან დაარსდა საპატრიარქოსთან არსებული უნივერსიტეტი. უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, მრავალი ბროშურა, წიგნი, ჟურნალი და გაზეთი. ფუნქციონირება დაიწყო სატელევიზიო არხმა და რადიომ. ამ ოცდაათი წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა რიცხვი 5-დან 37-მდე გაიზარდა, მონოზვნებისა და მოძღვრებისა კი – 60-დან 2000-მდე. აღდგა და აშენდა ათასობით ეკლესია-მონასტერი, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია სამების სახელობის თბილისის ახალ საკათედრო ტაძარს.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის პატრიარქების, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიისა და, საერთოდ, თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი.

ნიუ იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1997 წელს მისი უწმიდესობა კრეტის სასულიერო აკადემიამ თავის საპატიო წევრად აირჩია. ამ წელსვე იგი არჩეულ იქნა გაეროსთან არსებულ ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად; 1998 წელს ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის წმ. ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ მას ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. იგი არჩეულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად; 2006 წლიდან კი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად. საქართველოს სახელმწიფოს მიერ მის უწმიდესობას მიღებული აქვს დავით აღმაშენებლის ორდენი, ხოლო საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ – უფლის კვართის ორდენი. როგორც პირველი, ისე მეორე ორდენი უმაღლესია და ამით მხოლოდ პატრიარქია დაჯილდოებული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკლესიას მჭიდრო ურთიერთობა აქვს ყველა მართლმადიდებლურ ავტოკეფალიურ ეკლესიასა და ქრისტიანულ დენომინაციასთან, ასევე, სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან. საქართველოს ეკლესია აქტიურად მონაწილეობს რელიგიათშორის დიალოგებში. თვით კათოლიკოს-პატრიარქი ცივილიზაციათა და კულტურათა შორის დიალოგების აქტიური ინიციატორი და მონაწილეა. ამ ეგიდით იყო იგი ჩასული აზერბაიჯანში, ირანში, კუვეიტში. ამ ეგიდითვე ჩატარდა საპატრიარქოს მოწვევით თბილისში არაერთი კონფერენცია.

ღვთისა და მოყვასისადმი ერთგული მსახურებისა და სიყვარულის გამო იგი ქართველი ერის უსაყვარლეს პატრიარქად და პიროვნებადაა აღიარებული. მას პატივს სცემენ არა მარტო საქართველოში; ილია მეორეს ხშირად კავკასიელი ხალხის მამად იხსენიებენ როგორც ქრისტიანები, ისე მუსლიმანები.

საერთოდ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მოღვაწეობის პერიოდი რთული იყო როგორც პირადად მისთვის, ისე ქვეყნისათვის, მაგრამ, ღვთის წყალობით, მან გაუძლო დროის გამოცდას და საქართველოც ბევრჯერ იხსნა განსაცდელისგან.

ამიტომაც არის, რომ საპატრიარქო მოღვაწეობის პერიოდს ილია II „მზიან ღამეს“ უწოდებს.