უცხოეთი
ალექსეი ნავალნის გუნდის განცხადებით, ნავალნი ქალაქ ტომსკში, სასტუმრო ოთახში სასმელი წყლით მოწამლეს

 საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ქალაქ ტომსკში, სასტუმრო ოთახში სასმელი წყლით მოწამლეს და არა აეროპორტში, როგორ აქამდე ვარაუდობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ალექსეი ნავალნის გუნდი ავრცელებს.

ალექსეი ნავალნის თანაგუნდელების ცნობით, ქიმიური ნივთიერების კვალი ქალაქ ტომსკში მდებარე სასტუმროში, მის ოთახში ნაპოვნ წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოაჩინეს.

როგორც სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, როგორც კი ნავალნის თანაგუნდელებმა ოპოზიციონერის ცუდად ყოფნის შესახებ შეიტყვეს, მის ნომერში მივიდნენ ადვოკატთან ერთად და ყველა ის ნივთი შეფუთეს, რომელთანაც პოლიტიკოსს შესაძლოა, შეხება ჰქონოდა, რათა შემდგომ გერმანული მხარისთვის გადაეცათ.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულია ნავალნის სასტუმროს ოთახში გადაღებული ვიდეოც.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის“ თანამშრომლებმა, რომლებიც ტომსკში დარჩნენ, მომხდარის შესახებ თითქმის მყისიერად შეიტყვეს. ამ მომენტში გაკეთდა ერთადერთი რამ, რაც შესაძლებელი იყო. მათ გამოიძახეს ადვოკატი, ავიდნენ ნომერში, რომელიც დატოვა ნავლნიმ და დაიწყეს ყველაფრის დაფიქსირება, აღწერა და შეფუთვა. მათ შორის წყლის ბოთლისაც“, – ნათქვამია ნავალნის გუნდის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. სწორედ ეს ნივთიერება იქნა გამოყენებული 2018 წელს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლისას.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიმავალ რეისზე გახდა შეუძლოდ.

1tv.ge